ისტორიაში პირველად, საქართველოს რაგბის ნაკრებმა პრინციპულ მეტოქესთან იტალიის ნაკრებთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ბათუმი არენაზე “ბორჯღალოსნებმა” იტალიელები 28:19 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“.
„დღეს ქართული რაგბისთვის კარი ღია იყო და მათ ხმამაღალი განცხადების გაკეთება შეეძლოთ. „ბორჯღალოსნებმა“ თავიანთი შანსი გამოიყენეს. ეს ისტორიული გამარჯვება იყო, რაც რაგბის მესვეურებმა უნდა ჩაინიშნონ. საქართველო სარაგბო ქვეყანაა და უფრო მეტი მსგავსი თამაში სჭირდება, რომ განვითარდეს.
ფოტო: ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ბორჯღალოსნების მაისურებში
მოწოდებები, რომ საქართველო 6 ერის ტურნირს შეუერთდეს, ახლა უფრო მოიმატებს. ბევრის აზრით, ამ ტურნირზე გავარდნის სისტემა უნდა მოქმედებდეს. მსგავსი სცენარი, პირველ რიგში, იტალიაზე იმოქმედებს, რომელსაც 2015 წლის შემდეგ 6 ერზე მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, საქართველოს ნაკრები კი მუდმივად რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება.
თამაშზე საოცარი ატმოსფერო იყო. ეს იყო ფენომენალური სარაგბო გამოცდილება და საქართველო იმსახურებს ასეთ თამაშებს“, – წერს გამოცემა.