25 აპრილს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომლის მიზანია წიგნის გამოცემა საქართველოს შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები: სუხიშვილები, დავით არჩვაძე (ქართული ხმები), ანსამბლი „ალილო“, ანსამბლი „ფორტე“, ნინი ბადურაშვილი, დავით ტურაშვილი, გუჯა ბურდული და სხვა არაერთი საზოგადოებისთვის ნაცნობი და საყვარელი შემოქმედი.
ღონისძიება დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაჩე რაინდელი“-ს მიერ, პროექტ „საქართველო… საქართველოს გარეთ“ ფარგლებში. წიგნი მოიცავს ფოტომასალას სრულიად საქართველოს ოკუპირებული და დაკარგული ტერიტორიებით: კულტურულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები, ეკლესია-მონასტრები, ციხესიმაგრეები, ხიდები, სოფლები, პეიზაჟები,რომელთა ქართულობასაც ასაბუთებს ისტორიული და ლიტერატურული წყაროები.
ღონისძიების მსვლელობისას სატელეფონო ზარების საშუალებით, დამსწრე საზოგადოებას და მაყურებელს, საშუალება ექნებათ განახორციელონ ქველმოქმედება. რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოიფინება საქართველოს ოკუპირებული და ისტორიული ტერიტორიების ფოტო მასალა, რომლის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეთების შეძენა შეგიძლიათ biletebi.ge-ზე. ასევე ჭავჭავაძის 7 ნომერში გალერეა ბიბლუსში და რუსთაველის თეატრის სალაროებში.
მარიამ ბაზალი