“საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს საქართველოში იხსნება სამხრეთ კავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა ATC, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვებს. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ, რაც 5 წელი გახლავთ, საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის პოტენციური მყიდველები იქნებიან მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები და საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ფასით, ისე ხარისხით,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თვითმფრინავის დეტალების ქარხანა საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Systems Cyclone-ის ერთობლივი პროექტია, რომლის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი დოლარია. „ელბიტ სისტემსი“ მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ისეთ მსოფლიო გიგანტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Boeing, Bombardier და Airbus და ა.შ. მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობისთვის წარმოებული ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, Elbit Systems-ის მიერ სწორედ საქართველო შეირჩა.
ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. საწარმოში 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, დასაქმებული თანამშრომლების 90 პროცენტზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტია.