რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები რუსეთთან მაყურებლის გარეშე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.
რაგბის კავშირის გადაწყვეტილება ახალ კორონავირუსს უკავშირდება.
„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.
ვირუსის გამო მსოფლიოში რამდენიმე სპორტული ღონისძიება გადაიდო.
კორონავირუსმა NBA შეაჩერა: იუტას კალათბურთელი დაინფიცირებულია
„იუტა ჯაზის“ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა.
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში, საქართველომ ოთხ შეხვედრაში 19 ქულა მოაგროვა, უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებს და ნაადრევად გახდა ტურნირის გამარჯვებული – უკვე მე-12-ედ და პირველად ლევან მაისაშვილის თავკაცობით.
გუნდმა ტიტული გასულ შაბათს, „სტად ჟან ბუენზე“ პორტუგალიის ბონუსით, 39:24 მოგებით დაიბევა.
საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, ბორჯღალოსნები შეკრებაზე „შევარდენზე“ შევიდნენ და რუსეთთან მატჩისთვის ინტენსიურად ემზადებიან.
14 მარტს საქართველოს ნაკრები „მიხეილ მესხზე“ რუსეთს, 16 საათზე უმასპინძლებს და მისი მიჯრით მე-19 დამარცხებით, მორიგი „დიდი სლემის“ გაფორმებას ეცდება. 1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა ერთმანეთში 23-ჯერ ითამაშეს და რუსეთმა მოიგო ერთხელ, სულ პირველ მატჩში (15:9), ერთხელ ფრე დაფიქსირდა (2002 წელს 12:12), დანარჩენ 21 შემთხვევაში კი გამარჯვება საქართველოს დარჩა.
რუსეთს ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს, „მიხეილ მესხზე“ მოვუგეთ – 46:0. ამ სტადიონზე „დათვებს“ ბოლოს 2015 წელს ვეთამაშეთ და მეტოქემ ვერც მაშინ შეძლო ქულის აღება – 33:0.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ბორჯღალოსნებმა ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგეს – რუმინეთთან (41:13), ბელგიასთან (78:6) და პორტუგალიასთან ბონუსით, ხოლო ესპანეთთან ბონუსის გარეშე (23:10). რუსეთის ნაკრებმა პირველი მატჩი შინ ესპანეთთან დათმო (12:31), მერე დამარცხდა ბელგიასთან (12:38), თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში პორტუგალიას (19:18) და რუმინეთს (32:25) სძლია და 8 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ცვლილებაა ჩვენს გაფართოებულ შემადგენლობაში. გუნდს დაემატა მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, ასევე ბურჯი ლაშა ტაბიძე. ტრავმა მოიშუშა და რუსეთთან სათამაშოდ ემზადება აკაკი ტაბუცაძე.
გაფართოებულ შემადგენლობაშია ლაშა მალაღურაძე, რომელიც რუსეთთან თამაშის შემთხვევაში მე-100 კეპს მოიხვეჭს და გახდება მეოთხე ქართველი „ცენტურიონი“ – დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის და გიორგი ჩხაიძის შემდეგ.