„საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარი პარტნიორია,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
„მე, როგორც ევროკავშირის ახალი ელჩი, აქ სამუშაოდ დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედი, რათა მაქსიმალურად გავაღრმაოთ ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. საქართველო არის ევროკავშირის მთავარი პარტნიორი რეგიონში. ჩვენი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც დღესაა. განვაგრძობთ საქართველოს ეკონომიკურ მხარდაჭერას. მხარს ვუჭერთ საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებით,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება. დღეს ევროკავშირი-საქართველოს საპარალამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა მუშაობას ერთობლივი განცხადების მიღებით დაასრულებს.