LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო პოლონეთისგან “ფაიზერის” ვაქცინის 468 000 დოზას მიიღებს

51
1

საქართველო პოლონეთის მთავრობისგან 468 000 დოზა “ფაიზერის” ვაქცინას მიიღებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა. “ფაიზერის” ვაქცინა ქვეყანაში 5 ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.

ტვირთის გადაცემის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.

როგორც საქართველოში პოლონეთის ელჩმა განაცხადა, მოხარულია, რომ პოლონეთმა, რთულ პერიოდში საქართველოს დახმარება შეძლო:

“მოხარული ვარ, რომ პოლონეთმა, ამ რთულ პერიოდში საქართველოს დახმარება შეძლო. იმედი მაქვს მოსახლეობა აღნიშნულ ვაქცინებს აქტიურად გამოიყენებს და საბოლოოდ ვაქცინაციის დახმარებით დავასრულებთ მიმდინარე მეხუთე ტალღასაც და პანდემიასაც. საჭიროების შემთხვევაში პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება.” – განაცხადა მარიუშ მაშკიევიჩიმ.

თამარ გაბუნიას შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა ვაქცინაციის პროგრამის მიზნებისთვის, როგორც მიმდინარე, ასევე ბუსტერ დოზების გამოსაყენებლად.

შეგახსენებთ:

◼  “ფაიზერის” ვაქცინა აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ;

◼  ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer -ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ:

◼  12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს;

◼  12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.

გარდა ამისა, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (“სინოვაკი”, “სინოფარმი”) აცრილ პირებს დამატებით “ფაიზერის” ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით:

◼  ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია “ფაიზერის” ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.

“კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალებაა!” – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები