LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის ტურიზმის ინდუსტრიამაც უკვე პრაქტიკაში დანერგა ჯანდაცვის სტანდარტები

109
turisti

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ონლაინ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის ფარგლებში, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები და მსოფლიო დონის მკვლევარები მონაწილეობდნენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

ონლაინ დისკუსიაში საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად გამოყენების პროექტით და COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოში გატარებული პრევენციული ზომების გატარებით დაინტერესდნენ.

„საქართველოს, როგორც ტურისტულ მიმართულებას უკვე აქვს ერთი უნიკალური და ვფიქრობ საუკეთესო კონკურენტუნარიანი უპირატესობა, ეს საკარანტინო სივრცეებია. თითქმის 2 თვე გავიდა საკარანტინო სივრცეების შექმნიდან, ჯამურად ჩვენ ვსაუბრობთ 20 ათასამდე ადამიანზე, რომელმაც 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა. ეს მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ აღსრულდა. მოქალაქეები არამხოლოდ განთავსებულები იყვნენ სასტუმროებში, არამედ სასტუმროების მხრიდან მათ ყველა აუცილებელი სერვისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებით მიეწოდებოდათ. ვფიქრობ, ამ პროექტის ღირებულება ვირუსის გავრცელების შეკავების გარდა არის ტურისტული ინდუსტრიის დახმარება და იმის ჩვენება მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ყველაზე სამაგალითო ტურისტული მიმართულებაა, რომელმაც პირველმა უკვე პრაქტიკაში მიიღო გამოცდილება და დაიცვა ყველა ის სტანდარტი, რომელთა განხორციელებაზეც სხვა ტურისტული მიმართულებები ახლა ფიქრობენ. ჩვენ მყარად ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველო გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც მსოფლიოში უსაფრთხო ტურისტული მიმართულება“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ონლაინ კონფერენციის მონაწილეებთან უსაფრთხო ტურისტული დერეფნების თემაზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ქვეყნებს შორის შეთანხმება უსაფრთხო დერეფნების არსებობაზე, ეს საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას შემომყვანი და გამყვანი ტურიზმის კუთხით უსაფრთხოდ ორმხრივად განავითარონ ინდუსტრია. ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი რეგულაციები ყველა საზღვარზე, აეროპორტში, ეს განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის და მოგზაურების უსაფრთხოებისთვის “- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და იქვე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებს საქართველოს მთავრობის მიერ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების დახმარების პაკეტის შესახებაც ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ პანელური დისკუსიები ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებისა და მაღალი რანგის საჯარო და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენელი ქართველი სპიკერებისა და ექსპერტების მონაწილეობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერები ფონდი “პროდემოსი” და „სექტორი 3“ არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები