საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროინტეგრაციის პროცესი შესაძლოა, კითხვის ქვეშ დადგეს. ამის მიზეზი კი თავდაცვის მინისტრის ის წერილია, რომელიც ნატოს სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს კითხვის ქვეშ აყენებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე ასეულის შემცირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ნატოსთან აწარმოებდა, თავდაცვის უწყებამ კატეგორიულად უარყო, თუმცა, თავდაცვის მინისტრის მაოდგილემ განაცხადა, რომ წერილი გერმანიას მისწერეს და საუბარი იყო იმაზე, თუ 2018 წლის გაზაფხულიდან საქართველო როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი ამ მისიაში. კითხვები სწორედ ამ არაერთგვაროვანმა განცხადებებმა გააჩინა და გაცნდა ეჭვები ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით.
საქართველო სამშვიდობო ოპერაციებში
საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშვიდობო მისიებში (ბალკანეთი, სპარსეთის ყურე, ავღანეთი) აქტიურ მონაწილეობას 1999 წლიდან იღებს. ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად პირველად ქართული კონტინგენტი 2004 წელს აგვისტოში გაემგზავრა. 2015 წლიდან ISAF–ის მისია მტკიცე მხარადაჭერის მისიით(RSM-ით) შეიცვალა და ქართული ქვედანაყოფები სწორედ ამ მისიაში იღებენ მონაწილეობას.
საქართველო NATO-ს ის არაწევრი სახელმწიფოა, რომელსაც ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს.
გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში, არის თუ არა საჭირო საქართველოს ამხელა ჩართულობა და უნდა შემცირდეს თუ არა ქართული კონტინგენტი ავღანეთში, ამაზე დისკუსია დიდი ხანია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე აღებული ვალდებულების მიხედვით, საქართველო მისიაში 872 ჯარისკაცითაა წარმოდგენილი.
რას გეგმავს ხელისუფლება და ანალიტიკოსების მოლოდინები
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით არაფერი შეიცვლება და საქართველო „ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება“.
ის, რომ ქართული მხარე აღნიშნულ მისიაში კონტიგენტის შემცირებას არ გეგმავს, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ვიცე–პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კი კონტიგენტის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით, გავრცელებულ ინფორმაციას “შეთხზული სიცრუე” უწოდა. მისი თქმით, ეს მითი, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის დაკვეთით შეიქმნა.
ჯეჯელავამ განმარტა, რომ საუბარი იყო მხოლოდ გადაჯგუფებაზე.
„ეს არის სიცრუე, რომელიც ჩვენმა ოპოზიციონერებმა შეთხზეს. საუბარი იყო გადაჯგუფებაზე. თუმცა, ოპოზიციური პარტიული დაკვეთით, ზოგიერთმა ტელევიზიამ შექმნა მითი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება,“ – ამბობს ვიცეპრემიერი.
თუმცა, რა საკითხზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება და რა იქნება 2018 წლის შემდეგ, ეს საკითხი მაინც კითხვის ქვეშ დარჩა.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, “რუსთავი 2”–ის ეთერში განმარტა, რომ უწყებას გერმანულ მხარესთან კომუნიკაცია ჰქონდა.
თუმცა, რა ეწერა წერილში, რატომ გახდა ის „გაუგებრობა, რომელიც აღმოფხვრილია” და რატომ არ იყო ქართული და გერმანული მხარის კომუნიკაციის საქმის კურსში მთავრობა, ეს კვლავ უცნობია.
რაც შეეხება 2019 წლიდან ქართული კონტინგენტის ავღანეთში ყოფნას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ უწყება „საქართველოს მთავრობის პოზიციებს, იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს დაუქვემდებარებს, რომლებიც ნატოელ პარტნიორებს დაუდგებათ“.
ბრძოლას მსოფლიო მშვიდობისთვის, მხოლოდ საქართველოდან 30-ზე მეტი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. არიან კრიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს გაურკვეველი მიზნებისთვის შეწირული სისხლია, თუმცა დღეს „ფორტუნასთან“ ამ სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ მისიაში მონაწილეობა აუცილებელია, ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმითაც და რა დოზითაც ამ ეტაპზეა საქართველო წარმოდგენილი.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი საქართველომ პარტნიორებთან კომუნიკაციის შედეგად უნდა გადაწყვიტოს.
„თუ საჭიროება არ იქნება, ბუნებრივად შემცირდება, მაგრამ, სანამ საჭიროება არის, ჩემი აზრით, საქართველოსთვის პოლიტიკურად მომგებიანია, რომ ჩვენ განვაგრძოთ ავღანეთში მონაწილეობა“, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
რა განაპირობებს ქართული მხარის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ყოფნას“ და რა მხრივ არის მომგებიანი არსებული სიტუაცია საქართველოსთვის, ამასთან დაკავშირებით, „ფორტუნასთან“ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, დავით სიხარულიძემ, ისაუბრა.
სიხარულიძის განცხადებით, ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობა დაფუძნებულია სამ საკითხზე: ტერორიზმის საფრთხეზე, ნატოში ინტეგრაციასა და ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ყველა ქვეყანამ თავისი წვლილი შეიტანოს. ამ მხრივ, სწორედ ის ჯარისკაცები, რომლებიც მშვიდობას იცავენ ავღანეთში, იცავენ საქართველოსაც. ამ კონტრიბუციის გამო, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პრესტიჟი მაღალია. მეორე საკითხია, რომ საქართველოს ამოცანაა, აჩვენოს მსოფლიოს მკაფიოდ, რომ საქართველო არის ევროატლანტიკურ სივრცეში პასუხისმგებლიანი მოთამაშე, უსაფრთხოების სფეროში. მესამე მიზეზი ამ მისიაში მონაწილეობისთვის, ქართველო სამხედროების პროფესიონალიზმის განვითარებაა“, – აღნიშნა დავით სიხარულიძემ.
სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ არსებული კონტიგენტი ავღანეთში მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურება და ამ ფორმით უნდა შენარჩუნდეს.