შესაძლოა, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მოცვის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდეს – ამის შესახებ პროგნოზებს EastFruit- ის ექსპერტები აკეთებენ.
ამ დროისთვის, საქართველოში სარეალიზაციო მოცვის პლანტაცია უკვე 1000 ჰექტარზეა გაშენებული. EastFruit- ის ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ყოველწლიურად მოცვის ფართობები 200-დან 300 ჰექტარამდე იზრდება, რაც ბიზნესის გაფართოების ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველომ უცხოურ ბაზრებზე 665 ტონა მოცვი გაიტანა, ხოლო ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ანალიტიკოსების მოსაზრებით, თუ ამინდი შესაბამისი იქნება, 2021 წელისთვის საქართველო მოცვის მოსავლის გაორმაგებას შეძლებს. საუბარია, 1300-1500 ტონამდე მოსავალზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველო შესაძლოა, მსოფლიოში მოცვის ყველაზე დიდ, 25 ექსპორტიორს შორის მოხვდეს.
„თუ ქვეყანაში მოცვის ტერიტორიების გაფართოვების ტემპებს გავითვალისწინებთ, 2023 წლისთვის წარმოებამ და ექსპორტმა შესაძლოა, 5 ათას ტონას გადააჭარბოს“, – წერს EastFruit.
ცნობისთვის, მოცვი ყველაზე ძვირადღირებული საექსპორტო საქონელია, ხილის, ბოსტნეულისა და თხილის კატეგორიაში.