საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. ბოლო დასკვნითი თამაში ჩვენებს შიზუაკოაში „ეკოპა სთედიუმზე“ ქონდათ ძალიან ძლიერ ავსტრალიასთან, რომელთან მოგება უფრო ფანტასტიკის სფერო იქნებოდა. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ რა დაგვემართა ფიჯისთან წინა მატჩში (10:45). აი კარის გაჯახუნება და ჯიგრიანი თამაში ჩვენებისგან მოსალოდნელი იყო. ასეც მოხდა, მეტოქეს იოლად არაფერი დავუთმეთ და ღირსეული სპარინგი გავუწიეთ. საბოლოო ჯამში – 8:27.
ჩვენი საქართველო დასველდა: ბორჯღალოსნებმა მსოფლიოსკენ მიმავალი გზა გაიმრუდეს
დაანონსებულ ცუდ ამინდში ავსტრალიამ თავიდანვე შეუტია, თუმცა ბორჯღალოსნები თავს საიმედოდ იცავდნენ და ამის გამო იყო, რომ ანგარიში მხოლოდ 23-ე წუთზე გაიხსნა. მეტოქემ ლელო დაგვიდო.
29-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ხელსაყრელი საჯარიმოდან პირველი ქულები მოგვიტანა – 3:7.
პირველი ტაიმი კი 3:10 დასრულდა, რადგან ვოლაბებმა ერთი ჯარიმაც მიამატეს აქტივს.
მეორე ტაიმში, საკმაო ხანა თამაში ორმხრივი შეტევებითა და შეცდომებით წარიმართა. მე-60 წუთზე ავსტრალიელებმა მეორე ლელო დადეს, გარდასახვაც მიაყოლეს და 17:3.
70-ე წუთზე, ჩვენი დერეფანი მოვიგეთ, ლაშა ხმალაძემ შესანიშნავად გაჭრა ხაზი და კარგი პასი გაუკეთა სანდრო თოდუას, რომელმაც 30 მეტრი ირბინა და ლელო დადო – 8:17. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა.
ამის მერე თითქოს გაჩნდა შანსი და იმედი, მაგრამ სამწუხაროდ ვოლაბებმა ბოლო 10 წუთში კიდევ ორი ლელო მიამატეს და 27:8 მოგვიგეს.
საერთო ჯამში, ჩვენი ბიჭებისგან წელს მოლოდინი მეტი იყო. ამას თავისი მიზეზი ქონდა. ერთი, რომ ბორჯღალოსნების ყოველთვის გვეიმედება და მეორე, თავად ჩვენი გუნდის მწვრთნელი ამბობდა, საგრძნობლად გაზრდილები და ახლა უკვე სხვა გუნდი ვართ, ვიდრე როცა ჩავიბარეო. აი რა თქვა მილტონ ჰეიგმა ავსტრალიასთან შერკინებამდე:
„მთლიანობაში, 2015 წელს მიღწეულიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. ეს ბუნებრივია, იმაზე მეტის გაკეთება გვინდოდა, ვიდრე 2015-ში მოვახერხეთ. ასეთ ტურნირებზე ყოველთვის უნდა გქონდეს მიზნები, რეალისტური მიზნები, რათა ყველა იყოს მოტივირებული. მთლიანობაში, ვერ მივიღეთ ის შედეგი, რასაც ვგეგმავდით, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2015 წლის მსოფლიო თასთან შედარებით მეტი ლელოები გავიტანეთ და უკეთ ვითამაშეთ დაცვაში“.
ავსტრალიასთან მატჩი ბოლო იყო მილტონ ჰეიგისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
„უკვე ვთქვი, რომ ადრე თუ გვიან წასვლის დრო მოვიდოდა. ეს იყო შესანიშნავი 8 წელიწადი ამ გუნდთან და მოთამაშეებთან“ – თქვა მილტონ ჰეიგმა.
ამ სპეციალისტმა მართლაც რომ უდიდესი სამუშაო გასწია და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ბევრი სიხარული მიანიჭა ქართველ ქომაგს. ასე რომ, სათქმელი ერთია – დიდი მადლობა მილტონ!
დიდი მადლობა მამუკა გორგოძეს და გიორგი ნემსაძეს. ამ ბიჭებმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს. მადლობა მათ თითოეული მატჩისთვის, რაც საქართველოსთვის უომიათ!
მოვიგეთ: საქართველომ მსოფლიოს ქართული ლელოები უჩვენა – 33:7
საქართველოს ნაკრები კი მომდევნო მსოფლიო თასზე პირდაპირ ვერ მოხვდა (მეოთხე ადგილი ჯგუფში) და 2023 წელს საფრანგეთში წასასვლელად კვალიფიკაციას გაივლის. ამაში კი ეჭვი არ გვეპარება!..