ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) და ევროკავშირი აგრძელებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ამ მიზნით სამივე ქვეყნისთვის გამოიყოფა 1.1 მილიარდი ევრო საკრედიტო ხაზებისა და ვაჭრობის ფინანსირებისთვის, ხოლო 58.3 მილიონი ევრო – ევროკავშირის გრანტებისთვის სამი ქვეყნისთვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო “რედისონში” შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრება.
“ევროკავშირი ბიზნესისთვის” არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა მას შემდეგ რაც ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ. დღეის მდგომარეობით, უკვე ასამდე კომპანიამ ისარგებლა აღნიშნული საკრედიტო ხაზით და 180 მლნ ლარზე მეტია დაბანდება გაკეთებული ამ მიმართულებით. ჩვენ 7000 ახალ სამუშაო ადგილს ვითვლით, რაც აღნიშნული პროგრამის დამსახურებით შეიქმნა. სამ ქვეყანაში განაწილდება 1.1 მილიარდი ევრო, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. თვითონ პროგრამა ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნებზე და კერძოდ, საინვესტიციო შესაძლებლობებზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა როგორც ყოველთვის, იქნება ლიდერი”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
როგორც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვამ განაცხადა, ევროკავშირი მოხარულია, რომ წარმატებული პროგრამის შემდეგ ფაზაზე გადასვლა ხდება.
“EU4Business-EBRD უკვე დაეხმარა მცირე და საშუალო ბიზნესს მრეწველობის, ტრანსპორტის, საცალო ვაჭრობის, საკვების, მომსახურეობისა და მედიცინის სექტორებიდან ინვესტიცია განეხორციელებინათ ევროკავშირთან სტანდარტების დაახლოებისთვის, საექსპერტო პოტენციალის გაზრდისთვის და პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის, რომელსაც ადგილობრიც ბაზარზე წარმოადგენენ. ევრობანკის ფინანსირების ინსტრუმენტებისა და ევროკავშირის გრანტების თანხვედრა ქმნის ძალიან კარგ პროდუქტს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის”,- განაცხადა მატერნოვამ.
ევრობანკის და ევროკავშირის ერთობლივი საკრედიტო ხაზის EU4Business-EBRD Credit Line საშუალებით, 100-ზე მერმა ქართულმა კომპანიამ უკვე მიიღო დაფინანსება, რომლის ოდენობა 60 მილიონ ევროს აჭარბებს. კომპანიებმა ინვესტიცია გამოიყენეს როგორც ცალკეული დანადგარების შესყიდვისთვის, ასევე კომპლექსური მოდერნიზაციის განსახორციელებლად, რომლის დროსაც კომპანიებმა სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლეს ინჟინრების საერთაშორისო გუნდის ტექნიკური დახმარებით. დაფინანსებული პროექტების ნახევარი განხორციელდა რეგიონებში.
“მოხარულები ვართ, რომ დღეს ვსაუბრობთ საკრედიტო ხაზის მიღწევებზე, რომელიც ქართულ კომპანიებს ეხმარება შესაბამისობაში მოვიდნენ ევროპულ სტანდარტებთან, იქნება ეს თხილის წარმოება თუ საგზაო მშენებლობა, ადგილობრივი ნაწარმის წახალისება, თუ ექსპორტის გაძლიერება – დღეს წარმოდგენილმა კომპანიებმა გადაწყვიტეს ინვესტირება ევროპულ ხარისხში. გვიხარია, რომ ამ წარმატების ნაწილი ვართ”,- განაცხადა ევრობანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.
აღსანიშნავია, რომ EU4Business-EBRD საკრდიტო ხაზი ასევე მოქმედებს მოლდოვაში და მალე იქნება ხელმისაწვდომი უკრაინაშიც, რომ იქაურმა ადგილობრივმა მცირე და საშუალო მეწარმეებმა სრულად გამოიყენონ ის სარგებელი, რაც თან ახლავს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ევრობანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს უწყობს ფინანსების მოძიებაში პარტნიორი ადგილობრივი ბანკების საშუალებით. ეს დაფინანსება ბიზნესს ეხმარება ინვესტიცია მოახდინოს ეფექტურ, თანამედროვე დანადგარებსა და ტექნოლოგიებში. ევროკავშირის დაფინანსება კი თან ერთვის საინვესტიციო პროექტებს და ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებასა და საგრანტო წახალისებას. ცოდნასთან და წარმატებულ გამოცდილებასთან წვდომა არის ევრობანკისა და ევროკავშირის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება. ევრობანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას ევროკავშირის 18 მილიონ ევროიანი დაფინანსებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში.