26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პარალელურად, თბილისში ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობას ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. მათი განცხადებით, მსოფლიოს ქართველი ერის არჩევანი უნდა აჩვენონ.
„26 მაისს, 10:30 შევიკრიბოთ რუსთაველის ძეგლთან, ევროკავშირის დროშებით და მსვლელობით მივიდეთ პარლამენტამდე
თან იქონიეთ ევროკავშირის დროშა
საქართველო ირჩევს ევროპას“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
„მოგიწოდებთ 26 მაისს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოვაწყოთ მსვლელობა” – მამუკა ხაზარაძე
ცნობისათვის, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პარლამენტის შენობის ფასადზე, 2022 წლისგან განსხვავებით, გამოფენილი არ არის ბანერები ევროპის დროშის გამოსახულებით. ადგილზე შეგხვდებათ წარწერა – „ეს დღე ჩვენია“.
ის ფაქტი, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში ევროკავშირის დროშა წელს აღარ ფიგურირებს, სოციალურ ქსელში მოქალაქეების ნაწილმა გააპროტესტა.
ამის შემდეგ მთავრობას მოუწია განმარტება, რატომ აღარ არის EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.
„წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“, – ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.