“საქართველო გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რათა რუსეთმა შეწყვიტოს აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა,” – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და იმ მხარდაჭერაზე საუბრობს, რომელიც კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელ კოლეგასთან ტელეფონით საუბრის დროს.
არჩილ თალაკვაძესა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს შორის სატელეფონო საუბარზე, თალაკვაძე “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს:
“სატელეფონო საუბარი მქონდა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან დმიტრო რაზუმკოვთან.
გამოვხატე უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, მის საზღვრებთან რუსეთის მხრიდან მიმდინარე მილიტარიზაციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველო გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რათა რუსეთმა შეწყვიტოს აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკა.
ამ რთულ პერიოდში საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და განსაკუთრებული მეგობრის, უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ვითარება აპრილის დასაწყისში გართულდა. მაშინ რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რამდენჯერმე დაარღვიეს, რასაც უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე ემსხვერპლა.