„რეფორმების, შემცირებული საგადასახადო ტვირთისა და გრძელვადიანი ინვესტიციების შედეგად, საქართველო ევროპისა და აზიის კვეთაზე ბიზნესის წარმოებისთვის სტაბილურობის შუქურაა“, – ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს ეკონომიკური სიმძიმის ცენტრი სტაბილურად მოძრაობდა აღმოსავლეთისკენ. 21-ე საუკუნის დასაწყისის ეს მაკროტენდენცია ახალი სირთულეების წინაშე დგას, მათ შორის – მიწოდების ჯაჭვების თვალსაზრისით, რაც ჩაკეტვითა და ენერგეტიკული კრიზისით იყო გამოწვეული. ამ გაურკვევლობებს შორის კი, აღსანიშნავია საქართველოს განახლებული შესაძლებლობა.
„აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარე უძველეს აბრეშუმის გზაზე მდებარე სამხრეთ კავკასიის ამ ერმა თავისი ისტორიული სავაჭრო პოზიციის აღორძინებას, ფართო ეკონომიკური რეფორმების დახმარებით რამდენიმე წელი მოანდომა, რითაც შეამცირა ბიუროკრატია და საქართველო ბიზნესის წარმოების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ადგილად აქცია“,- აღნიშნავს სტატიის ავტორი.
„ბლუმბერგის“ ცნობითვე, საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივე ლიბერალურ საგადასახადო სისტემას და შრომის კოდექსს ეფუძნება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მისი მთლიანი ბიზნესის გადასახადები და შენატანების განაკვეთი მოგების მხოლოდ 9.9% -ია, რაც მსოფლიოში მესამეა ყველაზე დაბალი მაჩვენებლის თვალსაზრისით, გაუნაწილებელი და რეინვესტირებული მოგება კი გადასახადისგან გათავისუფლებულია. ასევე, არ არის სოციალური უზრუნველყოფის გადასახადი და პირადი საშემოსავლო გადასახადი 20%- შეადგენს. ამასთან, საქართველოში კომპანიის რეგისტრაციისთვის საჭირო სულ რაღაც ერთი დღეა.