LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროპას ღირსეულად დაემშვიდობა

49

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა. დასასრული ურთულესი გამოდგა, რადგან ჯვაროსნები თვით მსოფლიო ჩემპიონებს ესტუმრნენ, თანაც მასპინძლებს საფრანგეთის საგზური მოპოვებული არ ქონდათ და მოტივაციაც შესაბამისი გააჩნიათ.
თამაშამდე ბევრი ითქვა, რომ გერმანიას აუცილებლად ესაჭიროებოდა თუნდაც ერთი ქულა. თუმცა მსოფლიო ჩემპიონი მარცხის შემთხვევაშიც გავიდოდა ევროპის პირველობაზე, გააჩნია როგორ დასრულდებოდა პოლონეთი-ირლანდიის შეხვედრა. უბრალოდ, გერმანიის საშინაო მარცხი, თანაც საქართველოსთან ყოვლად მიუღებელი იქნებოდა, მით უმეტეს ირლანდიაში წაგების შემდეგ.

კახი ცხადაძემ გიბრალტართან მატჩისგან განსხვავებით შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა, რაც პრინციპში მოსალოდნელი იყო.
აი ჩვენი გუნდის სასტარტო თერთმეტეული:
რევიშვილი, ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კაშია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, გელაშვილი.

ოპტიმალური ეთქმოდა ლიოვის გუნდსაც, ყოველ შემთხვევაში ეს გერმანელთა სტაბილური შემადგენლობაა:
ნოიერი, გინტერი, ბოატენგი, ჰუმელსი, ექტორი, გიუნდოგანი, შიურლე, იოზილი, კროოსი, მიულერი, როისი.
მატჩი გერმანელთა საგრძნობი უპირატესობით დაიწყო. მასპინძლები მაღალ ტემპში კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდნენ და მათ უკვე პირველ 20 წუთში იმდენი მომენტი შექმნეს, ლამის მთელი ტურის მიმოხილვას ეყოფოდა. განსაკუთრებით მიულერი და როისი აქტიურობდნენ, ამ უკანასკნელმა ისეთი ხელსაყრელი შანსები გაანიავა, დამწყებ ფეხბურთელსაც მოერიდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, დორტმუნდელი ვარსკვლავი ტრავმის შემდეგ ბოლომდე ფორმაში ვერ ჩადგა, რაც საკლუბო დონეზეც ეტყობა. თუმცა ყველაფერს გერმანელთა უიღბლობასაც ნუ დავაბრალებთ, შესანიშნავად თამაშობდა ჩვენი კარის დარაჯი ნუკრი რევშვილი, რომელმაც ყველა კუთხიდან და დისტანციიდან დარტყმული ბურთი აიღო და ეს განსაკუთრებით სწორედ საწყის წუთებში წაგვადგა, როდესაც ჩვენი დაცვის ხაზი ცოდავდა. შემდეგ და შემდეგ თამაში დავალაგეთ და ტაიმის მიწურულამდე გერმანელებს ბევრიც არ შემოუტევიათ, ბოლოს კი ყველაფერი თითქოსდა განმეორდა, სახიფათო ეპიზოდები და როისის გაცუდებული შანსები. ამ ყველაფერს შორის კი იყო ერთი შესანიშნავი მომენტი, რომელიც ქართველთა კომბინაციას მოყვა: კვეკესკირმა პასი გაუჭრა ყაზაიშვილს, მან მარჯვენა ფრთაზე მეტოქე ჩამოიშორა და ოდნავ დაყოვნებულმა ოქრიაშვილს ცენტრისკენ გადააწოდა, თორნიკემ ერთი შეხედვით დაარტყა, სამწუხაროდ ნოირმა რთული ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმი გელაშვილის გაყვანით და ვაწაძის შემოსვლით დაიწყო. გელაშვილის ბოლო დროის თამაში ალბათ ძალიან ცოტა ვინმეს თუ აქვს ნანახი, მაინც და მაინც არც სტატისტიკა აქვს გამორჩეული და მისი გამოყვანა ცოტა მოულოდნელიც იყო, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ცხადაძეს წინა ხაზზე დიდი არჩევანი არ აქვს.

 

ტაიმი კი იმით დაიწყო, რომ საჯარიმოში კანკავამ იოზილს ფეხი გამოსდო და პენალტი დაინიშნა. დარტყმამდე რევიშვილმა ყვითელი ბარათი აიკიდა მიულერის გასწორებული ბურთის თავიდან გასწორებისთვის (ან იქნებ დათარსისთვის). თუმცა ამან არ უშველა – მიულერმა უპრობლემოდ გაიტანა. მსგავს მატჩებში დასაწყისში გაშვებული გოლი უმეტეს შემთხვევაში ცუდად მოქმედებს აუტსაიდერ გუნდზე, თუმცა საქართველომ ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა. ჩვენები ისე ათამაშდნენ, იფიქრებდი გერმანიამ გოლის გატანა როგორ გვაკადრაო. საქართველომ ისტორიაში ალბათ საუკეთესო წუთები შემოგვთავაზა. მსოფლიო ჩემპიონს ისე ვეთამაშეთ ბრაზილიას საოცნებო სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა.
ჯერ კვეკვესკირის ცხრიანში დარტყმული კი მოიგერია ნოიერმა, მაგრამ მაშინვე კანკავას ერთი შეხედვით ულამაზესი დარტყმული ზუსტი გამოდგა – 1:1. ამას ქართველთა გაგულისება მოყვა: ბურთიც დავიჭირეთ, შეტევებსაც მოვუხშირეთ, პრესინგიც გავბედეთ, დაცვაშიც მყარად ვიდექით. მართალია ეს მთელ შეხვედრას არ ეხება, მაგრამ ალბათ მსგავსი მონაკვეთი დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების ისტორიაში უდაოდ გამორჩეული, ღირსეული და საამაყო იყო.
უბრალოდ როგორი დასანანი იყო ოქრიაშვილის ვერგატანილი ბურთი, რომელსაც ახლო მანძილიდან ნოიერმა სასწაულებრივად აუღო. მანამდე კი ყაზაიშვილის ინდივიდუალური მცდელობა და კარში დარტყმაც უნდა აღვნიშნოთ. ერთხელ ვაწაძემაც დაარტყა შორიდან. ამასობაში გერმანიაც თანდათან აზრზე მოდიოდა. ჯერ შიურლემ შეგვაწუხა, მერე ისევ როისმა.
15 წუთით ადრე ლიოვმა თავდამსხმელი მაქს კრუზე გამოიყვანა. სამწუხაროდ, ამ ცვლილებამ გაამართლა. პენალტის ნიშნულთან მარტოდ დატოვებულმა კრუზემ გამოსვლიდან რამდენიმე წუთში როგორც აღმოჩნდა გადამწყვეტი გოლი შეაგდო – 2:1. მატჩის დარჩენილი დრო მაპინძელთა მცირე უპირატესობით წარიმართა და ასევე დასრულდა.

 

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებს ეს შეხვედრა აქტივში უნდა ჩაეწეროს. საქართველო ასეთ მრისხანე მეტოქესთანაც კი არ თამაშობდა მხოლოდ ყრუ დაცვაში, არ იგრძნობოდა მეტოქის შიში, გამოვიდა შეტევაში თამაშიც, მომენტებიც შევქმენით და ალბათ ასეთი მეტოქის პატივისცემაც დავიმსახურეთ, ისევე როგორც საერთოდ ქართველი გულშემატკივრების და იმ ჯარისკაცებისაც, რომლებიც ლაიპციგის „რედ ბულ არენაზე“ მხურვალედ ქომაგობდნენ საკუთარ ქვეყანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები