LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროკავშირის წევრობის მოლოდინში – როდის გვეტყვის საბოლოო პასუხს ევროპა

325
442097cf794808bcbea020702b8e9a0f-770x532 (1)

მთელი მსოფლიო ახალი პოლიტიკური წესრიგის მოლოდინშია, სადაც გამარჯვებული იქნება უკრაინა და მთელი ცივილიზებული სამყარო, პუტინი კი თავის მცირერიცხოვან მოკავშირეებთან ერთად დამარცხდება. ამ მოლოდინს ამყარებს, პირველ რიგში, უკრაინელების თავდაუზოგავი ბრძოლა, ზოგჯერ შიშველი ხელებითაც კი, თავად პრეზიდენტ ზელენსკის და მისი მთავრობის პატრიოტიზმი, დასავლეთის და აშშ-ს სანქციები, უკვე ჩამოქცეული რუსეთის ეკონომიკა და მსოფლიოს მხარდაჭერა უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ.

ეს მხარდაჭერა სანქციების გარდა, ევროპარლამენტარების იმ უწყვეტ ოვაციებში გამოიხატა, რომელიც ევროსაბჭოს სხდომაზე ზელენსკის ონლაინ-გამოსვლას მოჰყვა. ომში მყოფი პრეზიდენტი სიტყვის გამოსვლისას უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხზე საუბრობდა და ევროპას პირდაპირ ეუბნებოდა, რომ სწორედ ახლა უნდა დაემტკიცებინათ მათ, იდგა თუ არა დასავლეთი უკრაინის გვერდით. მის ემოციურ გამოსვლას ევროპარლამენტარების ფეხზე წამოდგომა და უწყვეტი ტაში მოჰყვა. მოგვიანებით კი კენჭისყრის შედეგებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინის განაცხადს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

აი, ჟენევაში კი, სადაც გაეროს განიარაღების კონფერენციაზე სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვა დაიწყო, ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. ამ ორ მოცემულობაში ჩანს ყველაფერი – ერთ ქვეყანას ტაში და ოვაციები, მეორეს კი – მთელი დასავლეთის მხრიდან ზურგშექცევა და პროტესტი. 
აშკარაა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ტექნიკური დეტალებიღა რჩება გასავლელი. ჩვენ კი, ხელისუფლების წყალობითა და  პოზიციით ქება-დიდებას მხოლოდ მოსკოვიდან ვიღებთ და დიდ გაუგებრობაშიც ამოვყავით თავი. ერთი მხრივ, კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ ჩვენი ევროპული არჩევანი, მეორე მხრივ კი არ ვჩქარობთ და ბოლო მომენტამდე მთავრობა ჯიუტად გვიმეორებდა, რომ 2024 წლამდე ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს არ შევიტანდით. სიტუაცია მალევე შეიცვალა.
                                                                                     

 

სად გაქრა მთავრობის სიჯიუტე ?!

სულ ახლახან, აი, როცა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით წევრობის განაცხადს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ამას წლები დასჭირდება და ჩვენ უფრო მალე შევალთ ევროკავშირში, ვიდრე უკრაინაო. ეს მალე განაცხადის დონეზეც კი 2024 წლამდე , იმავე კობახიძის თქმით, არ განიხილებოდა. მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ევროსაბჭოში ხმათა უმრავლესობით უკრაინის დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ამაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის დაჩქარებული წესით შეტანა გახდა, ანუ როცა სრულად შეიცვალა პოლიტიკური მოცემულობა, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მმართველი გუნდი განაცხადს ამზადებს და მას ოფიციალურად დღეს წარადგენს.

ცოტა ხნის წინ კი, სააგენტო “როიტერსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვასა და საქართველოსგან განაცხადებს მალე მიიღებენ. 

კობახიძე: საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება პარტიის პოლისაბჭოს წევრებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

“ქართული  ოცნების” თავმჯდომარის – ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს.

კობახიძის განცხადება მოჰყვა უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას. შესაბამის დოკუმენტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მათი თქმით, ეს ხალხის ბრძოლის დამსახურებაა, რომელიც წლებია გრძელდება.

პარლამენტის უმცირესობაში ამბობენ, რომ წინ დიდი შრომა და გზაა გასავლელი, რადგან გაწევრიანება ერთ დღეში ვერ მოხდება. მათი თქმით, ქვეყანა ამისთვის დემოკრატიულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

თავად ხელისუფლებამ კი, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცის, რომ ეს იმდენად ხანგრძლივი პროცესია (თუნდაც, სხვა ქვეყნების მაგალითებს თუ გავიხსენებთ), რომ შეუძლიათ მშვიდად გადაიდონ ფეხი-ფეხზე და 8 მარტის შეთანხმების, პროპორციული არჩევნების და სხვა ასეთი “ტრიუკების” მსგავსად, ეს შემთხვევაც ქართველი ხალხის გულის მოსაგებად გამოიყენოს, რა თქმა უნდა, თუ ეს გამოუვა.

 

 

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის 

 

ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია, რომ კავშირის მიერ საქართველო ითვლებოდეს კოპენჰაგენის პოლიტიკურ კრიტერიუმებთან უმეტესად შესაბამისობაში მყოფ ქვეყნად

ახლა გადავხედოთ ამ კრიტერიუმებს:

  • პოლიტიკური კრიტერიუმი –  საჯარო ინსტიტუტების სტაბილურობა
  • ეკონომიკური კრიტერიუმი – სტაბილური საბაზრო ეკონომიკის არსებობა
  • ინსტიტუციური კრიტერიუმი – გულისხმობს ქვეყნის უნარსა და ერთგულებას, ეფექტიანად შეასრულოს ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესები, სტანდარტები და პოლიტიკა.

ცალკე საკითხია ის ტექნიკური პროცედურები, რომლის გავლაც უწევს ქვეყანას.

  1. თუ ზემოხსენებულ პუნქტებს აკმაყოფილებს ქვეყანა, განაცხადს ევროსაბჭოს პრეზიდენტობას (სამწევრიანი კოლეგია) უგზავნის
  2. ევროკომისია ე.წ. კითხვარის საფუძველზე ქვეყანას პირველადად აფასებს. შეფასება ევროკავშირის საბჭოს ეგზავნება.
  3. ამის შემდეგ, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
  4. ევროკომისია იწყებს სახელმწიფოს დეტალურ შესწავლას ევროკავშირის კანონმდებლობის თითოეული თავის მიხედვით.
  5. ამის შემდეგ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი იწყება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლო ეტაპი
  6. კანდიდატმა უნდა დაასრულოს რეკომენდებული რეფორმების პროცესი, რომ  მისი კონსტიტუცია  ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს, შემდეგ კი გაფორმდება კავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება.
  7. გაწევრიანების ხელშეკრულება თითოეულ წევრ სახელმწიფოს ეგზავნება და თითოეულში საპარლამენტო კენჭისყრა ან რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
  8.  მხოლოდ ამის შემდეგ გახდება კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წევრი.

თუ ამ პუნქტებს წავიკითხავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს დროში გაწელილი პროცესია, თუმცა მეორე საკითხია, რა იქნება, უკრაინის შემთხვევაში, რომელიც ომშია, რომელიც იბრძვის და რომლისთვისაც ახლა ყველაფერი საჩქარო და სასწრაფოა.

 

 

უნდა ვიზეიმოთ თუ არა უკვე გამარჯვება 

 

დღეს, პრემიერ მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა და როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის.

რა თქმა უნდა, პირდაპირი გაგებით გამარჯვების ზეიმზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ პოლიტოლოგებში, ექსპერტებში ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ, უფრო სწორად კი, საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებამ, რომელიც ხელისუფლებამ განაცხადში ასახა, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ვესაუბრეთ, რომელიც ამ ფაქტს თითოეული მოქალაქის გამარჯვებას უწოდებს.

“ისტორია დავწერეთ – ასე შეიძლება ითქვას. მთელმა დასავლეთმა დაინახა, რომ ეროვნული მიზნების გარშემო გაერთიანების რესურსი გვქონია. ეს უკვე ნიშნავს, რომ საქართველოს დასავლეთის სახით მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰყავს. კობახიძის გამოსვლაშიც ჩანდა, რომ მათ დაინახეს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური კლასის და საზოგადოების ერთიანი ნება, ამას ხედავს ხელისუფლება და ვერ უგულებელყოფს. ეს არის ჩვენი გამარჯვება, რომ დღეს უკვე საქართველოს ხელისუფლებაც განაცხადი შეაქვს ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე.

არ შემიძლია არ ვისაუბრო, იმ ისტორიულ დოკუმენტზე, რომელიც სამოქალაქო ინიციატივების და ასევე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ინიცირებულია, ეს ეხება სწორედ საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას და მასზე საქართველოს ყველა ხელისუფლების ხელმოწერა. მას ხელს აწერენ: საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტები სააკაშვილი და მარგველაშვილი, ასევე პარლამენტის წევრები, პრემიერ-მინისტრები... ტექსტი ხელმოსაწერად საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს და თანამდებობის პირებს უკვე გადაეგზავნათ”, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თქვეს, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების მზაობას მიესალმებიან და მიიჩნევენ – ამ პროცესის სახე სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს.