საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
“ფორტუნა” მთავრობის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად. საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება და დაარეგულიროს სიტუაცია ესპანეთის კონსტიტუციის, კანონის უზენაესობისა და ესპანეთის ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით. საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს ესპანეთის სამეფოსთან, როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორთან, მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთკავშირებზეა დაფუძნებული“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.