ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სტრატეგიის შემუშავებაზე დაიწყო მუშაობა.
სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიის მიზანია, ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით, აღნიშნული მიმართულებით არსებული მაღალი პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება და მათი გაყიდვების ხელშეწყობა. პროექტის განხორციელებაში ჩართულია გერმანული კომპანია Conoscope და მათი ადგილობრივი ექსპერტები.
”ელექტრონული კომერცია არის ინდუსტრიის ტიპი, სადაც პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, როგორიცაა ინტერნეტი. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ელ. კომერცია მოიცავს მონაცემების გაცვლას, რაც აადვილებს ფულად ტრანზაქციებს. ეს არის ბიზნეს-ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის ეფექტიანი და ხელსაყრელი გზა.
„აწარმოე საქართველოში – ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობისა და მოცულობის გაზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება”, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. კერძოდ, პროექტი ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციოს ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე- www.eu4business.eu.