იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კონორ ო’ში საქართველოსთან მატჩს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ფლორენციაში გამართულ მატჩში იტალიელებმა “ბორჯღალოსნებს” 28:17 სძლია.
“50 წუთის განმავლობაში ჩინებულად ვითამაშეთ, დასკვნით ნახევარ საათში კი გარკვეული პრობლემები გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემმა გუნდმა დისციპლინირებულად იმოქმედა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენ მომენტს ვეე შევქმნიდით.
როდესაც ანგარიში 28:7 გახდა, ვიფიქრე, რომ დარჩენილი დროც საჩვენოდ წარიმართებოდა, თუმცა, საჯარიმო ლელომ საქართველოს დიდი სტიმული მისცა.
წნეხის ქვეშ ვიყავით და მიხარია, რომ ის მატჩი მოიგეთ, რომელსაც ჩვენი მომდევნო განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ბოლო წლების განმავლობაში, მხოლოდ ფიჯისთან და იაპონიასთან გვქონდა მოგებული. საქართველო რეიტინგში ძალიან გვავიწროვებს და ეს, ჩვენი გუნდისთვის ფუნდამენტალური გამარჯვება გახლდათ.
ამის მიუხედავად, ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, რათა სასურველ დონეზე გავიდეთ. ვფიქრობ, რომ გასული მატჩის შემდეგ, ბიჭები უფრო თავდაჯერებულები იქნებიან.
მთელი წლის განმავლობაში, ყველანი მხოლოდ საქართველოსთან თამაშზე საუბრობდნენ და ჩვენ ამ წნეხს გავუძელით. ახლა, ბიჭები ცოტას დაისვენებენ და ავსტრალიასთან მატჩისთვის მოემზადებიან”.
კომენტარი გააკეთა იტალიის ნაკრების კვაჭმა ლეონარდო გირალდინიმაც, რომელიც სერჯიო პარისეს არყოფნაში, იტალიის ნაკრების კაპიტნად მოგვევლინა.
“საქართველოსთან მატჩში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მათთან რეიტინგში ძალიან ახლოს ვართ, ისევე, როგორც იაპონიასთან, რომელსაც ზაფხულში ვეთამაშეთ. იტალია ზეწოლის ქვეშ იყო. ეს, ამგვარი თამაშებისთვის ჩვეული რამაა და ამას ღირსეულად გავუმკლავდით.
პირველ ტაიმში მეტოქის 22-ში დიდი დრო გავატარეთ და ეს, უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. კარგია, რომ 2 ლელოს დადება მაინც მოვახერხეთ. შესვენების შემდეგ, ბევრჯერ დავჯარიმდით, თუმცა, ხუთმეტრიან ზოლთან მოსულ ქართველებს ღირსეულად დავუხვდით.
მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში, იტალიის ნაკრებში საბრძოლო სული მაღალ დონეზე იყო და მინდორზე ღირსეულად გამოვიყურებოდით. ახლა, შეტევების უკეთ დასრულებაზე უნდა ვიმუშაოთ, რადგანაც ამის გამო, ბევრ ქულას ვკარგავთ”.