საქართველო ოცნების ზღვარზეა. თითქმის 30 წელია ამ დღეს ველოდით, როდესაც ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდა. ეს მოახერხეს კალათბურთელებმა, რაგბისტებმა, წყალბურთელებმა… გვიხაროდა, ვამაყობდით, მაგრამ რაღაც მაინც ხინჯად რჩებოდა და ამ ყველაფერს პეწი აკლდა. ეს პეწი კი საფეხბურთო ნაკრებია, რადგან მაინც ფეხბურთია პირველი ჩვენს ქვეყნაში და ყველაზე ხმამაღალი სიტყვა მაინც საქართველოს დიდ საფეხბურთო ფორუმზე გამოჩენა იქნება.
გაგვიმართლა იმაში, რომ უეფამ ერთა ლიგა მოიგონა, ალბათ პირველად მოხდა, რომ ჩვენი სუსტობაც “გაგვიხარდა”, რადგან D ლიგიდან იყო რეალური შანსი დასკვნით ეტაპზე მოხვედრის. ეს შანსი გამოყენებულია, ფინალში ვართ და რჩება ერთი და მთავარი ნაბიჯი – მოუგე მაკედონიას და გახდი ევროპა!
ყველა დარგში დგება მომენტი, როდესაც მოვლენა სცდება ამ დარგის ჩარჩოებს და რაღაც საერთო, ეროვნულ, საქვეყნო მასშტაბებამდე ადის. არის ნაწარმოები, რომელიც ლიტერატურას სცდება, ნახატი, რომელიც მხატვრობის ჩარჩოში ვერ ეტევა, მუსიკა, რომელიც ქვეყნის საზღვრებს სცდება და დღეს სწორედ ასეთი ფეხბურთი გვაქვს – ეს მატჩი მარტო ფეხბურთის თამაში არ არის: ეს მთლიანი საქართველოა, ეს არის ომი სამშობლოსთვის, ისტორიისთვის, თაობებისთვის, ოცნებისთვის, მომავლისთვის…
დღეს საქართველო ევროპის ნაწილი უნდა გახდეს!
ვლადიმირ ვაისი
ქართული ფეხბურთისთვის და ამ თაობისთვის დიდი მატჩია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ყველა გავახაროთ და ჩვენი ხუთწლიანი მუშაობის მთავარი მატჩი წარმატებით დავასრულოთ. მოგება გვსურს და დიდი იმედი მაქვს, რომ მატჩის შემდეგ ყველა ბედნიერი იქნება.
შემადგენლობის მხრივ გარკვეული პრობლემები ორივე გუნდს აქვს. წინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ ჩვენი ყველაზე საშიში მეტოქე კორონავირუსია, სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობა გვაქვს.
კვარაცხელიას და შენგელიას გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ სხვა კარგი ფეხბურთელები გვყავს, ვინც მათ შეცვლის და ყველაფერს გააკეთებს წარმატებისთვის. ჩვენ გყვავს მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გავლენ და მთელი გულით შეეცდებიან, რომ ეს მატჩი მოიგონ.
ეს თამაში არ იქნება მხოლოდ ტაქტიკური ან ტექნიკური დაპირისპირება, ვფიქრობ, რომ ამ შემთხევაში დადებითი შედეგის საჩვენებლად კომპლექსურად ყველაფერი დაგვჭირდება. რა თქმა უნდა, სწორი ტაქტიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორი ემოციით ვითამაშებთ, როგორ ვირბენთ და როგორ ვიბრძოლებთ თითოეული მომენტისთვის.
თორნიკე ოქრიაშვილი
მოგების გარდა სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ, ეს თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. გუნდში საუკეთესო განწყობაა, ყველანი მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას.
ძალიან შეკრული გუნდი ვართ, საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, ჩვენ როგორც მოედანზე ისე მის მიღმა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ვფიქრობ, რომ ეს განწყობა თამაშზეც დაგვეტყო. ბოლომდე ვიხარჯებით და სწორედ ეს მგონია იმის მიზეზი, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლას ვაგრძელებთ.
გულშემატკივრებისგან უამრავი შეტყობინება მივიღე და ვიცი, რომ ყველა ელოდება ამ თამაშს. მადლობა მათ გამამხნევებელი სიტყვებისთვის.
ოთარ კაკაბაძე
სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი არ იქნება ტრიბუნაზე, მაგრამ მათ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ეს ფინალია და ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დავამტკიცოთ.
ყველა ჩვენგანის კარიერაში ეს ყველაზე გამორჩეული თამაში იქნება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.
ძალიან ცუდი ამბავი: კვარაცხელიას კორონა დაუდასტურდა, შენგელიასაც
„იცოდეთ, მთელი საქართველო თქვენ გვერდით არის… დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას ვიზეიმებთ“
ნიკა კვეკვესკირი
ეს ყველას ოცნების მატჩია და გუნდში განწყობაც შესაბამისია. ყველანი მონდომებული ვართ, რომ წარმატებას მივაღწიოთ და ერთად ვიზეიმოთ.
გულშემატკივარს სურს, რომ მოედანზე დავამტკიცოთ ის ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ და ვანახოთ ის შემართება, რომელიც თითოეული ჩვენგანის შიგნით არის. ყველას ცეცხლი გვკიდია და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება ეს მატჩი. ფეხბურთელი თამაშის წინ ყოველთვის ნერვიულობს, მით უმეტეს, როდესაც ასეთ თამაშზეა საუბარი. თუმცა მოედანზე გასვლისა და მსაჯის სასტვენის შემდეგ ეს ნერვიულობა ქრება.
გულშემატკივრებს მადლობა მინდა გადავუხადო, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ასე დისტანციურად სოციალური ქსელების საშუალებით ავლენენ. ასევე მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს ვინც ბელარუსთან თამაშის წინ სტადიონთან ძალიან ემოციური დახვედრა მოგვიწყო. ეს ყველაფერი ბიჭებისთვის დამატებითი მოტივაცია იყო. რა თქმა უნდა, გულშემატკივარი ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო სიხარულისგან დაინგრეს.