LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო დემოკრატიულობის მაგალითი აღარ არის?! – სადამკვირვებლო მისია არჩევნების ხარვეზებზე საუბრობს

ოფიციალური პირების კამპანიაში მონაწილეობა, კანდიდატებზე გახარჯული კოლოსალური თანხები და შემოწირულობები, რომელიც ღარიბი ქვეყნისთვის უცნაურია – ასეთია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასება 2018 წლის 28 ქოტომბერს საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

გარდა ამ პრობლემებისა, საერთაშორისო მისიები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, აცხადებენ, რომ პრობლემა იყო როგორც კერძო მედიის მიერ, კანდიდატების გაშუქების ნაწილში, ასევე ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოვლენილ დამოკიდებულებაში.

“საარჩევნო პროცესი ძირითადად, ნეგატიურ კამპანიაზე იყო აგებული. 

წინასაარჩევნო კამპანია დახუნძლული იყო საზოგდოებრივი აზრის პოლარიზებისკენ მიმართული სადავო თემებით, ნეგატიური კამპანიის წარმოებისა და „ქართულ ოცნებასა“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას შორის გაჟღერებული მძიმე ბრალდებების ფაქტებით” – ნათქვამია დასკვნაში.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არჩევნებმა საქართველოში მნიშნელოვანი პრობლემები გამოკვეთა.

“ეს არჩევნები გვიჩვენებს, რომ სერიოზული პრობლემები არ არის გადაჭრილი. არ დაბალანსებულა რესურსები. წამოიჭრა ახალი უარყოფითი პროცესები, მათ შორის სიტყვიერი თავდასხმები ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ეს კი დიდ კონტრასტს წარმოადგენს 2013 წლის საარჩევნო პროცესთან.

არჩევნებმა ცხადყო, რომ შესაბამისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე, ძალებისა და რესურსების გადანაწილება შეიძლება, რისკის შემცველი იყოს დემოკრატიისთვის,” – განაცხადა რასა იუნკევიჩმა.

დამკვირვებლები, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აცხადებენ, რომ პროცედურული დარღვევები იმ ხარისხის არ ყოფილა, რომ მან საბოლოო შედეგებზე გავლენა მოახდინოს, თუმცა, უხეშად წარმართულმა საარჩევნო კამპანიებმა შესაძლოა, საქართველოს იმიჯი შელახოს.

“ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის ემზადება, სჭირდება აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. მოხარულები ვართ, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა კამპანიები ვერბალურ თავდასხმებზე იყო აგებული,”- განმარტეს დამკვირვებლებმა და აღნიშნეს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვერბალური თავდასხმა დაუშვებელია.

კითხვაზე, რამდენად იმოქმედებს საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები, ევროკავშირში და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, დამკვირვებლები პირდაპირ პასუხს არ სცემენ და ამბობენ, რომ ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც გაირკვევა საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები და გადაცდომები ტენდენციურია თუ მოკლევადიანი.

მათვე აღნიშნეს, რომ პროცესების დემოკრატიულად წარმართვაში “მეგობრები საქართველოს კვლავ მხარს უჭერენ”.

“თუ საქართველო გადაწყვეტს ამ პრობლემებს, ის შეძლებს დარჩეს დემოკრატიის მაგალითი,” – აღნიშნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა რასა იუნკევიჩმა.

https://www.facebook.com/osce.odihr/videos/636790443389641/

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა გერტ-ჰენრიხ არენსმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ტურის ჩატარების შემთხვევაში, საარჩევნო პროცესი შეიცვლება, როგორც კერძო მედიის, ასევე კანდიდატების მხრიდან წარმართული საარჩევნო კამპანიის მხრივ. როგორც მან ასევე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრიდან მაღალი აქტიურობა დაფიქსირდეს.

“ჩვენი პარტნიორობა გრძელდება და ყველა მონაწილე ქვეყანას მოეთხოვება გაითვალისწინოს დამკვირვებლების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები,” – განაცხადა ელჩმა გერტ-ჰენრიხ არენსმა.

სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, შენიშვნებითა და რეკომენდაციებით საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს გადაეცა, ასევე ის ხელმისაწვდომია, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

თამთა უთურგაშვილი