საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო და აშშ გადადიან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების ინიციატივა ეწოდება.
დეგნანი მოუთმენლად ელის, რომ მომავალი წლების განმავლობაში მტკიცე თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებთან გაგრძელდეს.
„თავდაცვის სამინისტროში დავესწარი თავდაცვის ძალებისა და სამინისტროს მიერ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების შეჯამებას. ეს იყო კარგი შესაძლებლობა, გვესაუბრა ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ და განგვეხილა სამომავლო თანამშრომლობის სფეროები, რადგან საქართველო და აშშ გადადიან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების ინიციატივას ვუწოდებთ. მოვისმინეთ შესანიშნავი ბრიფინგები თავდაცვის ძალებისა და სამინისტროს წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა: მზადყოფნა, ლოჯისტიკა, პერსონალის მართვა და რეკრუტირება. საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის შედეგად ამ ოთხი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს. შესანიშნავია, როდესაც ვხედავთ იმ პროგრესს, რომელსაც თავდაცვის ძალებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელების შედეგად მიაღწია. მომავალი წლების განმავლობაშიც მოუთმენლად ველით ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის გაგრძელებას თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებთან“, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, დღეს თბილისში EUCOM-ის დირექტორის მოადგილე პარტნიორობის, უსაფრთხოების თანამშრომლობისა და კოსმოსური შესაძლებლობების საკითხებში, ბრიგადის გენერალი ედუარდ ვონი ქართველ კოლეგებს შეხვდა, რათა შეაჯამოს “საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა” (GDRP) და დაიწყოს “საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე” (GDDEI) გადასვლის პროცესი.
საელჩოს ინფორმაციით, GDRP-ის პროგრამა არის აშშ-ის უსაფრთხოების თანამშრომლობის პირველი ძალისხმევა, რომელიც კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობის გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული და 2018 წლის მაისიდან EUCOM-ის საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ცენტრალური კომპონენტია. GDRP-ის პროგრამა ამ წლის ბოლოს დასრულდება. GDRP-ის ჩაანაცვლებს GDDEI პროგრამა, რომელიც არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია.
მხარეებმა შეხვედრაზე GDRP-ის მიღწევები შეაჯამეს და განიხილეს, თუ როგორ მოხდება GDDEI პროგრამაზე გადასვლა, რომელიც თავის მხრივ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გამოხატულებაა. GDDEI, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ ოქტომბერში გამოაცხადეს, შექმნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შემდგომი მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის, რაც უსაფრთხოების საერთო ინტერესს უწყობს ხელს. ის ეფუძნება GDRP-ს და მიმართულია ორგანიზაციული ცვლილებების მენეჯმენტის გზით (საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება თავდაცვის სექტორში) ინსტიტუციურ რეფორმაზე და შესაძლებლობების გაძლიერებაზე (ბრიგადების მომზადება და დასაქმება ტერიტორიული თავდაცვისთვის კომბინირებული შეიარაღების ოპერაციებში).
სალჩო აღნიშნავს, რომ GDDEI პირდაპირ გამომდინარეობს GDRP-ის მიღწევებიდან და აჩვენებს შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას საქართველოს მიმართ და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
GDRP პროგრამის დასკვნით ღონისძიების შემდეგ ბრიგადის გენერალმა ვონმა განაცხადა:
“საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) არის შესანიშნავი ქვეთავი ამერიკა – საქართველოს მიერ ერთად დაწერილ დიდ წიგნში.”