LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ავიაკომპანიებს შეღავათებს უწესებს

71
aeroplane-aircraft-airplane-104826-1000x750

COVID-19 პანდემიის გამო გამოწვეული საავიაციო კრიზისის ფონზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) სერტიფიცირებული სუბიექტების მიმართ დროებითი საშეღავათო ღონისძიებები შეიმუშავა. აღნიშნულ საკითხზე სააგენტომ განცხადება გაავრცელა.

„საავიაციო საწარმოების უწყვეტი და შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის, აგრეთვე საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საავიაციო ნორმატიული აქტებით, საერთაშორისო სტანდარტებით და რეკომენდირებული პრაქტიკით გათვალისწინებული გარკვეული მოთხოვნების შემსუბუქების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა დროებითი საშეღავათო ღონისძიებები სერტიფიცირებული სუბიექტების მიმართ.

იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ავიაციის სფერო მკაცრად რეგულირებული დარგია, სააგენტომ ყურადღებით შეისწავლა წამყვანი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების (ICAO, EASA, FAA) მიერ, COVID-19 პანდემიის ფარგლებში მიღებული ანალოგიური შემარბილებელი მექანიზმები და გაიზიარა ის მიდგომები, რომლებიც დასაშვებია გლობალური მარეგულირებლების მიერ და ხელს უწყობს გარკვეული მოთხოვნების შემსუბუქებას – ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების სტანდარტების სრულად შენარჩუნებით”, განმარტავენ სააგენტოში.

დაწესებული საშეღავათო პირობები მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და ითვალისწინებს შემდეგს:

ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი, თუ მას არ გააჩნია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი, ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს უცხო ქვეყნის სერტიფიცირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული და შესაბამისი საავიაციო უწყების მიერ დადასტურებული სამედიცინო სერტიფიკატი;

ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, პილოტის საკვალიფიკაციო შემოწმება (LPC) შესაძლებელია ჩატარებულ იქნეს საჰაერო ხომალდზე ნაცვლად საწაფისა;

საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი თავისუფლდება საავარიო-სამაშველო პრაქტიკული მომზადების შესრულების ვალდებულებისაგან და ექსპლუატანტის მიერ დანიშნული პილოტ-ინსპექტორის (ინსტრუქტორს) ან სააგენტოს წარმომადგენელი შემმოწმებლის მიერ პილოტირების ტექნიკის და ავარიულ სიტუაციებში მოქმედებების საკვალიფიკაციო შემოწმებისაგან;

შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მოქმედება გაუგრძელდება 3 თვის ვადით;

საზღვარგარეთ ბაზირებული საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატს, რომლის ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მოქმედების ვადა გაუგრძელდება 3 თვის ვადით, ექსპლუატანტის მიერ საფრენად ვარგისობის შენაჩუნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და ტექნიკური პერსონალის მიერ ჩატარებული შემოქმების ანგარიშის საფუძველზე;

საქართველოს სამოქალაქო აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში პიროვნების და ავტოსატრანსპორტო საშუალების საშვებს, რომელთა მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მოქმედების ვადა გაუგრძელდება 3 თვის ვადით;

საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ჩაითვლება მოქმედად 3 თვის განმავლობაში.

გარდა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2021 წლის პირველ ივლისამდე შეაჩერა „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც წარმოადგენს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის შეჩერებისა და გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს, 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში ავიაგადამზიდველის მიერ არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართული ავიაკომპანიების საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებას და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეჩერებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავების პროცესს.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა EUROCONTROL-ის ინიციატივას, ავიაკომპანიებისთვის სააერნაოსნო მომსახურების გადასახადის გადავადებასთან დაკავშირებით. ავიაინდუსტრიისთვის 1.1 მლრდ ევროს მოცულობის გადასახადების გადავადების საკითხი EUROCONTROL-მა წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებთან შეათანხმა. EUROCONTROL-ის ინიციატივის თანახმად, ავიაკომპანიებს მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახადი გადაუვადდათ შემდეგი სქემით: მიმდინარე წლის თებერვლის გადასახადის გადახდის ბოლო ვადა განისაზღვრა 2020 წლის ნოემბერში, მიმდინარე წლის მარტის – 2021 წლის თებერვალში, მიმდინარე წლის აპრილის – 2021 წლის მაისში, ხოლო მიმდინარე წლის მაისის – 2021 წლის აგვისტოში“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები