საქართველო არ იქნება ისეთი მაჩანჩალა, როგორიც არის დღეს. გაჭირვებას აუცილებლად დავამარცხებთ, როცა ვიქნებით ერთად. აი, ეს იყო მთელი დღევანდელი დღის გზავნილი, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია გაიმარჯვებს და საქართველოს მოქალაქეები იგრძნობენ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება.
რაც შეეხება კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შუალედურ არჩევნებზე „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრობა“ ერთობლივ კანდიდატებს დაასახელებენ – ზუგდიდის მერად ნიკა მელიას,მთაწმინდის მაჟორიტარად შალვა შავგულიძეს და ზესტაფონის მერობის კანდიდატად დავით კირკიტაძეს – ვაშაძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად იქნება მიღებული.
„არანაირი “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივად იღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებაში და ჩვენ ერთად გადავწყვეტთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც არ შედის “გაერთიანებულ ოპოზიციაში” -ვინ იქნება კანდიდატი. კანდიდატები არის, ვიხილავთ. საბოლოო პასუხზე როგორც კი ჩამოვყალიბდებით, ყველაფერს გეტყვით. ჩვენ მივდივართ გეგმა-ზომიერად. ძალიან კარგად გვაქვს გათვლილი ნაბიჯ-ნაბიჯ , როგორ უნდა მოვიყვანოთ საქართველოში სიკეთე,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, დღეს “ახალი საქართველოს” ყრილობა ჩატარდა, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიებიც ესწრებოდნენ. ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიბი შუალედურ არჩევნებზე თანამშრომლობას გეგმავენ და საერთო კანდიდატების წარდგენაზე მსჯელობენ.