LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო 2017: მსოფლიო რაგბი ჩვენთან მოდის

20

ხუთ თვეზე ნაკლები რჩება 2017 წლის უმნიშვნელოვანესი სარაგბო მოვლენის – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე და მას საქართველო მასპინძლობს.

31 მაისიდან 18 ივნისამდე პლანეტის 12 ელიტური ასაკობრივი ნაკრები თბილისსა და ქუთაისში ერკინებიან. მსგავსი მასშტაბის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას აქამდე არასდროს უმასპინძლია და ეს არა მხოლოდ ქართული რაგბის, არამედ მთელი ქვეყნის წარმატებაა.

2017 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი ეხმიანება:
“მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი უზომოდ პოპულარულ და მნიშვნელოვან შეჯიბრად იქცა. ამასთან, მას არსებითი როლი ენიჭება თამაშის მომავალი ვარსკვლავების გამოვლენაში.
საქართველოში რაგბი საოცარი ტემპებით იზრდება, ხოლო მის მიმართ ინტერესი უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. მჯერა, თბილისსა და ქუთაისში ჩასულგუნდებს გულმხურვალე და ენერგიული გულშემატკივარი დახვდება. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე კი, რომელსაც საქართველოში ვიხილავთ, შესაძლებელია მონაწილეობდეს უფრო დიდ ასპარეზზე იაპონიაში – 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე”.

 


საიუბილეო ტურნირი

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და საქართველოში გასამართი ტურნირი მეათეა მისი არსებობის ისტორიაში. პირველ ორ გათამაშებაში 16 გუნდი მონაწილეობდა, მას შემდეგ მონაწილეთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა და ის კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება სარაგბო სამყაროში.

აქამდე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის 8 ქვეყანას უმასპინძლია – ორჯერ იტალიას და თითო-თითოჯერ ახალ ზელანდიას, ინგლისს, სამხრეთ აფრიკას, საფრანგეთს, არგენტინას, უელსს და იაპონიას.

გასულ ცხრა გათამაშებას სულ სამი გამარჯვებული ყავს – ახალი ზელანდია ხუთჯერ, ინგლისი სამჯერ და სამხრეთ აფრიკა ერთხელ. “ჯუნიორ ოლ ბლექსმა” პირველი ოთხი გათამაშება ზედიზედ მოიგო, ხოლო 2016 წელს ჩემპიონი მასპინძელი ინგლისი გახდა.

ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას, არგენტინას, ინგლისს, ირლანდიას, საფრანგეთს, უელსს და შოტლანდიას განვლილ ცხრავე ტურნირში უთამაშიათ, სულ კი 20-წლამდელთა ჩემპიონატში 18-მა გუნდმა მოსინჯა ძალები – აქედან ორმა – კანადამ და ურუგვაიმ მაშინ ითამაშეს, როდესაც მონაწილეთა რაოდენობა 16-ს შეადგენდა. ჩემპიონატში ორჯერ ითამაშა აშშ-მა – 2008 წელს 16-გუნდა და 2013 წელს 12-გუნდა გათამაშებაში, მაგრამ ელიტაში ადგილი ვერ შეინარჩუნა.
უმცროსი ბორჯღალოსნების წარმატებული დებიუტი

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2016 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის უფლება 2015 წელს 20-წლამდელთა მსოფლიო ‘ალაფის’ მოგებით მოიპოვეს. ინგლისში ილია მაისურაძის შეგირდები სადებიუტო მატჩში მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას შეხვდნენ და დამარცხდნენ; შემდეგ უელსთან მოგება შეგვეძლო, მაგრამ სენსაციამდე სულ ცოტა დააკლდათ და მეტოქემ მინიმალური სხვაობით იმარჯვა – 10-9. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ბორჯღალოსნებმა ტურნირის პირველი ლელო გაიტანეს – ვასილ ლობჟანიძემ ირლანდიასთან მატჩში ანგარიში გახსნა. მე-8 წუთიდან კაცნაკლულად დარჩენილმა გუნდმა შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა და მომავალმა ფინალისტმა ირლანდიამ 35-7 იმარჯვა.

IX ადგილის ნახევარფინალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ელიტურ XII-ში პირველი გამარჯვება მოიპოვეს, იტალიას სამი ლელო დაუდეს და 18-17 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით ქართველმა 20-წლამდელებმა, არა მხოლოდ მასპინძლის სტატუსით, არამედ სპორტული შედეგითაც მოიპოვეს 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება, რომელიც საქართველოში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

მანჩესტერის მსოფლიო ჩემპიონატი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ღირსეულად დაასრულეს, ფრანგ თანატოლებს ბოლომდე ებრძოლნენ და 24-27 დამარცხდნენ.
ფინალი მესხზე და ოლ ბლექსი ქუთაისში

20-წლამდელთა ჩემპიონატის 12 მონაწილე გუნდი სამ ოთხგუნდა ჯგუფშია გადანაწილებული. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ჯგუფის სამივე გამარჯვებული და ერთიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასისათვის აგრძელებენ ბრძოლას, დანარჩენი ორი მეორეადგილოსანი და ორი სუკეთესო მესამეადგილოსანი 5-8 ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო ჯგუფის ბოლოადგილოსნები და ერთიც უარესი მესამეადგილოსანი 9-12 ადგილებისთვის იბრძვიან. ტურნირის ბოლოადგილოსანი ელიტას დატოვებს და მის ადგილს “ალაფის” გამარჯვებული დაიკავებს.
2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ა ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, უელსი და სამოა ითამაშებენ, ბ ჯგუფში ირლანდია, ახალი ზელანდია, შოტლანდია და იტალია არიან განთესილი, ხოლო საქართველო გ ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, არგენტინასთან და საფრანგეთთან ითამაშებს.

ა და გ ჯგუფის თამაშებს თბილისი, ავჭალის სარაგბო სტადიონი, ხოლო ბ ჯგუფს ქუთაისი მასპინძლობს. პლეი ოფები დედაქალაქშია დანიშნული და თასის ნახევარფინალებს და გადამწყვეტ შეხვედრებს “მიხეილ მესხი” მასპინძლობს.

 

2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი

ა ჯგუფი

ბ ჯგუფი

გ ჯგუფი

პლეიოფები და ფინალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები