LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ძვირდება – მძღოლები ფასის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ძვირდება.  საწვავის მკვეთრმა გაძვირებამ და დოლარის გაუფასურებამ მძღოლებს ტარიფების ცვლილება აიძულა.

უკვე გაძვირდა ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი  მიკროავტობუსები, მგზავრობის საფასური 6-დან 7 ლარამდე გაიზარდა.  არსებული ინფორმაციით, 2 ლარით  გაძვირდა ახალციხე-თბილისის მიმართულებაც  და 10 ლარი გახდა.

სადგურ „ოკრიბას“ ხელმძღვანელების ინფორმაციით, სავალუტო რყევებმა  და საწვავის გაძვირებამ პრობლემა შექმნა და მძღოლების მხრიდან საფასურის გაზრდაზე მოთხოვნაც გაჩნდა, თუმცა, მგზავრთა ნაკადიდან და კონკურენციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ფასების მატებას ერიდებიან. 

„პრობლემა შექმნა საწვავის გაძვირებამ, ავტონაწილებზე ფასების ზრდამ და მოთხოვნაც არის უკვე მძღოლების მხრიდან, გაიზარდოს მგზავრობის საფასური. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მგზავრობის ღირებულების გაზრდას არ ვგეგმავთ. იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდა ფასების მატება, წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია, ფასები დამოკიდებულია მგზავრთა ნაკადზეც. თუ მგზავრთა ნაკადი არ შემცირდება, კიდევ მოვახერხებთ ფასის დაჭერას,“ – ამბობს „ოკრიბას“ ფინანსისტი, მარიამ ელბაქიძე, „ფორტუნასთან“ საუბრისას.

ახალი წლის შემდეგ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაძვირებას არ გამორიცხავს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის წარმომადგენელი, გია ჯაფარიძე.

„საწვავი ძვირდება ყოველდღე, არც დოლარის კურსი იწევს დაბლა და  მძღოლები ყოველდღე წუწუნებენ. თუ მგზავრი არ არის საკმარისი, ზოგიერთი  საერთოდ უარს ამბობს გასვლაზე. განსაკუთრებით კახეთის მიმართულებას უჭირს, მგზავრები არ არიან  და ბევრ მძღოლს  არ უღირს წასვლა. ნავთლუღის სადგურის ირგვლივ კიდევ 3 ავტოსადგური მუშაობს და კონკურენციის გამო, ფასებს ვერ ვუმატებთ, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელდება,“ – ამბობს გია ჯაფარიძე.

მგზავრობის საფასურის გაძვირებისგან თავს იკავებენ ორთაჭალის ავტოსადგურშიც.

ავტოსადგურის ბუღალტერიის განმარტებით, ზამთარში მგზავრთა ნაკადი ისედაც მცირდება და კონკურენციის გამო, მგზავრობის გაძვირება ვერ მოხდება. 

თბილისი-ბათუმის რეისზე მუშაობს გია ჭანუყვაძე. მძღოლი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაუმწვავდა.

 

„საწვავი ადრეც გაძვირებულა, მაგრამ ამას ახლა დოლარის თემაც   ემატება. ავტონაწილები, რომელიც, ძირითადად, შემოტანილია, მკვეთრად გაძვირდა. ახალ წლამდე, ალბათ, არ შეიცვლება მგზავრობის ფასი. ჩემს მიმართულებაზე საახალწლოდ ბევრი მგზავრია, მაგრამ შემდეგ ნაკადი იკლებს. ამხელა გზაზე საწვავი ხომ იგივე მჭირდება, ფასს ვეღარ დავიჭერთ,“ – ამბობს  თბილისი- ბათუმის მიკროავტობუსის მძღოლი.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაძვირებას  შეუქცევად პროცესად მიიჩნევს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი.

ავტოსადგურები და მძღოლები არსებულ ტარიფს ხელოვნურად, კბილებით იჭერენ, თუმცა ეს პროცესი შეუქცევადია. დროებით  ფასის დასაჭერად მერიას მოუწევს მეტი ჩაურიცხოს ავტობუსების კომპანიას, მიკროავტობუსებს მოუწევთ გეგმა შეუმცირონ მძღოლებს, თუმცა ლარი უფასურდება,  გაძვირებული საწვავის ღირებულებას მძღოლი საკუთარი ჯიბიდან ვერ გადაიხდის  და ეს საბოლოო მაინც მგზავრზე აისახება,“ – აცხადებს დავით მესხიშვილი.  

მისი ინფორმაციით, გარდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა, უკვე გაძვირდა ტაქსების მომსახურება, დაახლოებით, 1-2 ლარით და გაძვირება ელის ყვითელ მიკროავტობუსებსაც. მისი თქმით, მძღოლები ვეღარ ახერხებენ გეგმის შესრულებას და, თუ მგზავრობის ღირებულება არ მოიმატებს, მოსალოდნელია მძღოლების  გაფიცვა და მასშტაბური პროტესტი.

ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლთა ნაწილი პირად საუბრებში მგზავრობის საფასურის 80 თეთრიდან  ერთ ლარამდე მატებას პროგნოზირებს. ტარიფის მატებაზე  კომპანიაში  ინფორმაციას არ ადასტურებენ.

„მგზავრობის საფასურის არ გაიზრდება, ამაზე საუბარი არც ყოფილა და არც სამომავლოდ იგეგმება რაიმე. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მგზავრობა შეიძლება, გაძვირდეს, არის ტყუილი,” – განაცხადეს „თბილისის მიკროავტობუსში“.

 

 

 

თამუნა გოგუაძე