ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რის საფუძველზე პირობითი მსჯავრი 5 წლის ვადით განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ფულადი ჯარიმაც. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ადვოკატის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანა კოტეტიშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და მოინანია.
„ბრალდების მხარესა და ჩვენს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება სასამართლომ დამტკიცა და დღეის მდგომარეობით, უკვე ძალაშია შესული. ლევან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, წარდგენილ ბრალში თავი სრულად ცნო დამანაშავედ, რა თქმა უნდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მოინანია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით იქნა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმება მიღწეული. ჯიბღაშვილს პირობითი მსჯავრი 5 წლის ვადით განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ჯარიმაც“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს.
ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.
ლევან ჯიბღაშვილი გაათავისუფლეს
მსახიობს ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა ედებოდა, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.