„საპარტნიორო ფონდმა“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს და აკ. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას საჩუქრად გადასცა ჩინეთის განსუს პროვინციის მიერ „საპარტნიორო ფონდისადმი“ მეგობრობის ნიშნად გადმოცემული სამედიცინო ეკიპირების კომპლექტები.
„დიდ მადლობას ვუხდი ქართველ მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის. „საპარტნიორო ფონდის“ მეგობრებმა ჩინეთში, განსუს პროცინციის ხელმძღვანელობამ გამოხატა მხარდაჭერა და ფონდს გამოუგზავნა სამედიცინო პირბადეები და კომბინიზონები, რომლებიც გადავწყვიტეთ, რომ საჩუქრად გადავცეთ ინფექციურ კლინიკასა და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას. მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება, ამ გზით დავაფიქსიროთ ჩვენი პატივისცემა და მოწიწება მედპერსონალისადმი და მივაწოდოთ ის ინვენტარი, რომელიც მათთვის ესოდენ საჭიროა პანდემიასთან ბრძოლაში. აქვე მადლობას ვუხდი განსუს პროვინციის მთავრობას ეპიდემიის რთულ პერიოდში „საპარტნიორო ფონდისა“ და ქართველი ხალხისადმი გამოხატული თანადგომისთვის,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
„საპარტნიორო ფონდმა და მისმა გუნდმა დღეს საჩუქრად გადმოგვცა ყველაზე ძვირფასი, რაც კი შეიძლება, რომ დღეს ექიმს გადასცე – ეს არის დამცავი საშუალებები, პირბადეები, მაღალი დაცვის რესპირატორები და კომბინიზონები. ეს არის ის, რაც ყოველთვის დეფიციტშია და მათზე ყოველთვის არის დიდი მოთხოვნა, ვინაიდან ინფექცია გრძელდება და ჩვენ მუდმივად გვჭირდება ამ მარაგების შევსება“, – აღნიშნა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
„ადამიანური რესურსი, კარგი სპეციალისტები ყოველთვის გვყავდა, მაგრამ სწორედ ამგვარი ეკიპირება ძალიან გვჭირდებოდა. ის, რაც „საპარტნიორო ფონდისგან“ მივიღეთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია,“ – განაცხადა აკ. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ.
„საპარტნიორო ფონდმა“ აკ. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკასა და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად 10000-მდე ერთეული აღჭურვილობა გადასცა.
„საპარტნიორო ფონდი“ მსგავს აქციას, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სამომავლოდაც გეგმავს.