„სს საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 31 მაისს მიღებული ცვლილებები 10 სექტემბრიდან ამოქმედდა და ფონდი ახალი წესდებით, ახალი სტრუქტურით, განახლებული მენეჯმენტითა და ახალი სახელწოდებით „საქართველოს განვითარების ფონდი“ განაგრძობს საქმიანობას.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, ფონდის მმართველობითი ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო.
მთავრობის მიერ განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ვაზილ ჰუდაკი, დავით საგანელიძე, მერაბ კაკულია, ავთანდილ სილაგაძე და ნანა ადეიშვილი, რომლებიც შეირჩნენ ფინანსურ/სამეწარმეო სექტორში მათი მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დავით საგანელიძე, თავმჯდომარის მოადგილედ – მერაბ კაკულია, ხოლო აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ ავთანდილ სილაგაძე აირჩა.
სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბესიკ ბუგიანიშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებსაც შეასრულებს. ბესიკ ბუგიანიშვილი ამ დრომდე „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ დირექტორის პოზიციას იკავებდა.
წესდების მიხედვით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ პროექტის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა: მაღალტექნოლოგიური და ეკომეგობრული წარმოება; ინოვაციური წარმოება და დამწყები საწარმოები (სტარტაპები), ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება.