საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა სხვათა ინტერესებისთვის იყოს გამოყენებული, – აღნიშნულის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ეს გამარჯვება სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ განვითარებას.
„პარტიული კონფერენციები გაგრძელდება. ხვალ სამეგრელოში ყველა ქალაქში ჩავალთ. კონფერენციებზე რაიონული პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს ავირჩევთ. ქვეყნის მასშტაბით ყველგან ვაპირებთ ჩასვლას.
პარალელურად ვიწყებთ საარჩევნო სამზადისს. 2024 წელი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი წელია – არის საპარლამენტო არჩევნები, რასაც პარტია „ქართული ოცნება“ მომზადებული შეხვდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის მხარდამჭერით გამარჯვებას მივაღწევთ.
ეს გამარჯვება სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ განვითარებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის, გაჩაღდეს მეორე ფრონტი, შეუერთდეს სანქციებს და ამით დაზარალდეს ეკონომიკა“, – განაცხადა კახა კალაძემ.