საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.
საუბარია ოკუპირებულ სოფელ ხელჩუაზე, რომელიც ზარდიანთკარსა და გეგუთიანთკარს ესაზღვრება.
როგორც “ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი:
“გიდასტურებთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბორდერიზაციის ფაქტს ადგილი ჰქონდა, თუმცა ეს იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ეს იყო არსებული საოკუპაციო ღობის შიგნით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არანაირი ე.წ. საზღვრის გადმოწევას ადგილი არ ჰქონია, ეს მოხდა დღეს დილით”, – განაცხადეს სუს-ში.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, საჰაერო სივრცეში ვერტმფრენის გამოჩენის შესახებ, უსაფრთხოების სამსახურში ასე ეხმაურებიან:
“ვერტმფრენმა გადაიფრინა ოკუპირებული სოფლის თავზე და ჩვენი საჰაერო სივრცე არ დაურღვევია”, – განმარტავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
შეგახსენებთ, თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები 700-მეტრიან ღობეს ავლებენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებთან. რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.