LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანქციები მუშაობს, ეს გამოიწვევს ოკუპანტის 5-10%-იან ეკონომიკურ ვარდნას“ – კიდევ რა მოჰყვება SWIFT-იდან რუსეთის ჩახსნას

120
16459557596292

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რუსეთის საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-იდან ჩახსნის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ სხვადასხვა გათვლებით (ირანის ანალოგის გათვალისწინებით) მხოლოდ ეს გამოიწვევს ოკუპანტის:

–  5-10% ეკონომიკურ ვარდნას;

– ექსპორტის 30 – 50% შემცირებას;

– დეპოზიტების და სხვა სავალუტო სახსრების მნიშვნელოვან გადინებას;

– გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებას.

„პ.ს. ეს ყველაფერი თუ პანიკა არ დაერთო დამატებით, რაც ასევე მაღალი რისკია“, – ამბობს გიორგი ქადაგიძე და იქვე დასძენს, რომ სანქციები მუშაობს.

ეკონომისტი აკაკი ცომაია კი ამბობს, რომ SWIFT-დან მსხვილი ბანკების ჩახსნის შედეგიანობა რომ გაიზარდოს, ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს, მათ ტერიტორიაზე შენახულ რეზერვებს სანქცია დაადო. „ეს ოფიციალური რეზერვების დიდი ნაწილია. ამოცანას წარმოადგენს რომ ცენტრალურმა ბანკმა ვერ შეძლოს პანიკის ჩახშობა, რაც SWIFT-ის გათიშვას მოჰყვება. მაგალითად, თუ აქამდე მოსალოდნელი იყო, რომ ეკონომიკის მყისიერი ვარდნა პირობითად 5% იქნებოდა, მასშტაბი ბევრად მაღალი უნდა იყოს. ცენტრალურ ბანკს შესაძლოა არაოფიციალური რეზერვებიც ჰქონდეს (რუსეთია, ყველაფერი შეიძლება). პროგნოზებს ნუ გავაკეთებთ. ამ დღეებში გამოჩნდება.

ბევრად მძიმეა სანქციები, რომელიც დაუწესდა. ესაა დე-ფაქტო ემბარგო, რომელსაც რუსეთის ეკონომიკა უფრო მწვავედ და მწვავედ იგრძნობს ყოველ დღე და დღესაც გრძნობს. სულ უფრო მეტად გაუჭირდება ვაჭრობა, რადგან ფინანსური სისტემა დასანქცირებულია. ეკონომიკის ვარდნა გაგრძელდება. გამორიცხული არაა, რომ ერთ დღეს, ცხოვრების დონე გაუტოლდეს უკრაინისას. ახლა ბევრად მაღალი აქვს და პირველ რიგში, დაარტყამს სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვს, რადგან ცხოვრება იქ დუღს და არა პერიფერიებში“, – ამბობს აკაკი ცომაია.

ამავე თემას ეხმაურება ახალგაზრდა ეკონომისტი ნოდარ სირბილაძეც. მისი განმარტებით, SWIFT ანუ მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება, არსებულ რეალობაში, მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 11 ათასზე მეტ ფინანსურ ორგანიზაციას. აღნიშნულ სივრცეში ხდება სხვადასხვა საგადასახადო დავალების შესრულება.

„რუსეთი უკვე ნაწილობრივ გათიშულია SWIFT-დან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდება, რადგან SWIFT-დან გათიშვით ქვეყანაში, ან ქვეყნიდან ფულის გაგზავნა თითქმის შეუძლებელი ხდება. ანუ გამოდის, რომ ეკონომიკურ იზოლაციაში ექცევიან.

ჯერ კიდევ ომამდე რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ამბობდა, რომ SWIFT-დან გათიშვა რუსეთის ეკონომიკას დაახლოებით 5%-ით შეამცირებდა. ახლა დაიწყება უკვე პანიკა რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე, ანუ რუსეთს მოკლევადიან პერიოდშიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური დარტყმა მიადგება. რუსებს აქვთ SWIFT-ის მსგავსი პლატფორმა სახელწოდებით SPFS, მაგრამ ეს პლატფორმა ძალიან შეზღუდული გაქანებისაა, ანუ მათი მშველელი ვერ გამოდგება.

SWIFT-ის ალტერნატივა საგადასახადო დავალების შესასრულებლად შეიძლება ბიტკოინიც იყოს, მაგრამ ჯერ მსგავსი დიდი პრაქტიკა მსოფლიოში არ ყოფილა, შესაბამისად, სწორი ალტერნატივის პოვნას დრო უნდა, ეს დრო კი ფულია, რომელსაც რუსეთი კარგავს.

რაც შეეხება საქართველოს: SWIFT-დან რუსეთის გაძევება ჩვენზეც იმოქმედებს, სამწუხაროდ, რასაც ექნება დანაკარგი, რადგან როგორც იცით რუსეთიდან შემოდის დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები (2021 წელს 411 მლდ დოლარი), ასევე გვაქვს აქტიური სავაჭრო ურთიერთობაც. ცხადია, ზოგადად ეს და სხვა სანქციები, რომლებიც რუსეთს უწესდება მოკლე ვადაში ჩვენზეც მოახდენს გავლენას, სანამ ახალ გარემოებაზე ადაპტირებას ვერ მოვახერხებთ.

და ბოლოს, დღეს რუსეთის მიმართ არსებობს სანქციები, რომლებიც მის ეკონომიკას გაანადგურებს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში“, – ამბობს ახალგაზრდა ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე.

შეგახსენებთ, EU-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ რუსული ბანკების ნაწილის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას. ამასთან, იაპონია უერთდება აშშ-ს და ევროკავშირს და ასევე მზად არის, რუსული ბანკები საერთაშორისო საბანკო სისტემიდან SWIFT-დან გათიშოს.