ყოფილი პარლამენტარის, რატი სამყურაშვილის სახელობის სტიპენდია ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა დააწესა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოჯახი ავრცელებს განცხადებას. შეგახსენებთ, რომ რატი სამყურაშვილი რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა. მისი მეუღლე ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი, ეკა ტოგონიძე გახლავთ.
განცხადებაში აღნიშნულია:
„ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ემოციური დღეა!
ქალბატონი რულოვსის და მისი ფონდის ინიციატივით, დაარსდა რატი სამყურაშვილის სახელობის სტიპენდია.
ძალიან დიდი ხანი გვინდოდა და ვგეგმავდით ამ სამი შესანიშნავი სტიპენდიატის გაცნობას და საბოლოოდ, დღეს შევხვდით!
წარმოუდგენელი სიხარულია, რომ ვხედავთ, რატის სახელი ამ ფორმითაც გრძელდება, რისთვისაც, კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა ქალბატონ სანდრას!
გოგონებს ბევრ წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებთ! ეს მხოლოდ დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება!“