უსაფრთხოებაზე შახტების შემოწმება იწყება – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რადიო “ფორტუნას” მიერ დასმული კითხვის პასუხად, დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, პროცესის დასრულება დეკემბერში იგეგმება.
სწორედ შემოწმების შემდეგ გადაწყდება, რომელ უბნებზე განახლდება მუშაობა.
„ვიწყებთ შახტების ტექნიკურ შეფასებას უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დამთავრდება დეკემბერში.
იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, განახლდება მუშაობა.
სანამ ეს მუშაობა დაიწყება, ჩვენ შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით. როცა დაიწყება მუშაობა, თავისთავად მოხდება ხელფასების გადახდა,” – განმარტა გიორგი ქობულიამ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში დასაქმებულმა მეშახტეებმა დღეს საპროტესტო აქცია დაიწყეს, მიზეზი – ხელფასების გაცემის შეწყვეტაა. როგორც ერთ-ერთმა მეშახტემ, კოტე ჩხიტუნიძემ “ფორტუნას” განუცხადა, დღეს შახტში დასაქმებულებს ოფიციალურად უთხრეს, რომ ხელფასებს ვეღარ გადაუხდიან.
ნახეთ, ამ თემის დეტალები: სიცოცხლეს ვრისკავთ და ხელფასიც არ ავიღოთ? – მეშახტეები ახალი კვლევების მოლოდინში