LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სანამ ჩვენს ხელისუფლებაში არ გაქრებიან რუსები, მანამდე ოკუპაციას ვერ დავამარცხებთ”

256
aqcia 2

თითოეულ ჩვენგანს მინიმუმ ერთი ნაცნობი მაინც ეყოლება, რომელიც ხშირად ამბობს, რომ მეზობელი რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, ისეთი ნაბიჯი არ გადავდგათ, რომ პუტინი  გაბრაზდეს და ომი გამოგვიცხადოს, ზოგიერთს ისიც უთქვამს,  დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დამსახურება ისაა, რომ რუსეთთან ომი არ გვაქვსო. პრინციპში, დღევანდელი მთავრობის მთავარი გზავნილიც სწორედ ესაა და ბუნებრივია, მათი მხარდამჭერებიც ამ მესიჯბოქსს იმეორებენ. არადა, სანამ ჩვენ ამ საკითხებზე ვმსჯელობთ, შეიძლება სწორედ ამ დროს ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ, ახალ მავთულხლართებს ავლებენ ან ე. წ. საზღვრის გადმოწევით არიან დაკავებულები. ამასობაში გვავიწყდება, რომ ეს ომია, რადგან ომი მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლას არ ჰქვია. გვავიწყდება, რომ დღესაც ომის რეჟიმში ვართ.

ზაზა გახელაძე ერთ–ერთია იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. გახელაძესაც, სხვების მსგავსად ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ის გასული წლის ივლისში დააკავეს, მანამდე ფეხში დაჭრეს, ახლა კი 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სამწუხაროდ, ხელისუფალ გია ვოლსკის ოკუპაცია ასე ესმის: „ზოგს დაიჭერენ, ზოგს დაჭრიან, ესაა ოკუპაცია“ – თქვა ვოლსკიმ მაშინ , როცა ზაზა გახელაძე დააკავეს. ამას ემატება საგარეო საქმეთა სამინისტროს შეშფოთება, შერიგების მინისტრის მიერ ფაქტის დაგმობა და სუსის განცხადება, რომ ცხელი ხაზი გააქტიურებულია. სწორედ ასეთი ტიპის განცხადებები გვიჩენს განცდას, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად და შაბლონურ შეფასებებს აკეთებს, თითქოს, სხვა ქვეყნის ხალხზე საუბრობდეს.

 

ჩვენი პოლიტიკა არის სამშვიდობო პოლიტიკა – დეოკუპაცია ჩვენი საგარეო სტრატეგიის მთავარი მიმართულებაა: ზალკალიანი

 

სწორედ, ამ დროს ჩნდება სამოქალაქო პროტესტი, მუხტი, რომელიც როგორც ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, ოკუპაციის თემაზე განსაკუთრებით ძლიერია. ასე იყო ახლაც. სწორედ ამიტომ ჩვენ სამოქალაქო აქტივისტებს და 20 ივნისის დაზარალებულებს ვესაუბრეთ.

 

დავით ქაცარავა,  ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი ამბობს, რომ დღეს, ჩვენი არაერთი მოქალაქეა გატაცებული, რასაც ხელისუფლება მალავს.

 

 

 

„კითხვაზე იმოქმედებს თუ არა პროტესტი და გააქტიურდება თუ არა ხელისუფლება – პასუხი არის დიახ. ჩვენ გვაქვს ვაჟა გაფრინდაშვილის, მაია ოთინაშვილის პოზიტიური მაგალითები. მაშინ საზოგადოებამ დიდი ზეწოლა განახორციელა ხელისუფლებაზე, რის შემდეგაც მთავრობა იძულებული გახდა ყველა მექანიზმი გამოეყენებინა და ეს ადამიანები გაეთავისუფლებინათ.

ჩვენ ზაზა გახელაძის გარდა, არ უნდა დავივიწყოთ სხვა პატიმრები, რომლებიც შერიგების სამინისტრომ დაივიწყა. უწყებამ თავის განცხადებაში რამდენიმე ადამიანი გამოტოვა , ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა ყველაფერი იცის, რადგან ცხინვალიდან შეტყობინებას იღებენ.  ხელისუფლება გვიმალავს ინფორმაციას“, – ამბობს დავით ქაცარავა.

 

ოკუპაციაზე საუბრისას, 20 ივნისის შემდეგ, პირველი ვინც გვახსენდება მაკო გომურია. გოგო, რომელმაც იმ ღამით თვალი დაკარგა.

 

 

„სახელწიფო შეიძლება ღიად არ ამბობდეს, რომ მოსწონს რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ ნებისმიერი მისი ქმედება, როცა აქციებს შლის, ტყვიებს უმიზნებს საკუთარ მოქალაქებს, ჩანს მისი დამოკიდებულება, არ ადარდებს ხალხი, როდის გაიტაცებენ, როდის დაიჭერენ. ფაქტობრივად, ვემსგავსებით რუსულ მმართველობას. აქრობენ და ახშობენ ყოველგვარ პროტესტს, ამის სურვილს. შიშს ნერგავენ, რომ თუ გამოხვალ და გააპროტესტებ, ამაზე პასუხს აგებ.

მთავრობის მიზანი ვფიქრობ ესაა, რომ ხალხში უიმედობა და შიში დანერგონ“, – ამბობს მაკო გომური.

 

რადიო „ფორტუნა“ აქციების ერთ–ერთ ორგანიზატორს, სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილსაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ დღეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოკუპაცია მთავარი თემა არ იყოს.

 

„ხელისუფლება, რომელიც რეალურად უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, არათუ არ ზრუნავს, არ ზრუნავს გატაცებულ მოქალაქეებზეც, საკუთარი ხელით ესვრის ტყვიებს აქციის მონაწილეებს, რაც მინიმუმ ამ ორ ადამიანს თვალის ფასად დაუჯდა. ახლა კი , მათ პოსტების წერა უწევთ, რომ სახელმწიფომ ყურადღება მიაქციოს. ვლაპარაკობთ ქვეყანაზე, რომელიც ოკუპაციის რეჟიმშია. „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი  გააუმჯობესა ოკუპაციის მიმართულებით, ერთადერთი არ გვაქვს ხელჩართული ომი, თუმცა იმ სოფლებში გასროლის ხმა მუდმივად ისმის, მუდმივად იტაცებენ ადამიანებს.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოკუპაციის თემა არ იყოს მთავარი. რეალურად იქამდე მივდივართ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გაფიქრებინებს, რომ რუსეთის თამაშს თამაშობს. ვხედავთ, რომ იზრდება ენერგოდამოკიდებულება, მეტი მოქალაქე შემოდის რუსეთიდან და აქ უძრავ ქონებას ყიდულობს და ა. შ. მაგრამ აქ არის ერთი დიდი პრობლემა , ხალხი შიმშილობს. ამიტომ მას როცა შია, ვეღარ ეუბნები, რომ ერთი კვირა გავაპროტესტოთ, გონებითაც უჭირს სხვა რამეზე კონცენტრირება. სანამ ჩვენში, ჩვენს ხელისუფლებაში არ გაქრებიან რუსები, ოკუპანტები,  მანამდე ვერანაირ ოკუპაციას ვერ დავამარცხებთ“, – ამბობს გიგა მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქცია, ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით გრძელდება. გახელაძის მშობლიური სოფლის გარდა, აქცია თბილისში, რუსეთის საელჩოსთანაც გაიმართა.