2018 წელს საბავშვო ბაღებში 4772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა, საიდანაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა, აქედან საქართველოს საჯარო ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
“ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძებების შედეგად, მკვეთრად არის გაუმჯობესებული სანიტარული პირობები ბაღებში. ჩვენი შესვლით ბაღებმა ჩაატარეს და მოაწესრიგეს ჰიგიენა. ყველა ბაღში არის ცივი და ცხელი წყალი, როცა ეს იყო მნიშვნელოვანი პრობლემა. გამოცვლილია ჭურჭელი, ჩატარებულია კვების ბლოკებში მომსახურე პერსონალის ტრენინგი და ა.შ.
2018 წელს საბავშვო ბაღებში 4772 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და აქედან გამოვლინდა 125 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თბილისში – 38, რეგიონებში – 87. მათ შორის იყო 4 შემთხვევა ცხენის ხორცთან დაკავშირებით, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება გაატარა. რაც შეეხება სკოლებს, 2018 წელს სკოლაში ჩატარდა 971 ინსპექტირება. აქაც მდგომარება გაუმჯობესებულია წინა წლებში,“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ბავშვთა კვების რაიმე სახით დარღვევა ცალსახად მიუღებელია, – ამის შესახებ, 15 თებრვალს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საბავშვო ბაღებში საკვებით მომარაგების საკითხის გამკაცრებას გულისხმობს.
მინისტრის განცხადებით, 2012-2014 წლებში მონიტორინგის შედეგად, არა მარტო საბავშვო ბაღებში, არამედ გაყიდვების ქსელში გარკვეული დარღვევები აღმოჩნდა.
„2012-2014 წლებში იყო ბევრი პრიორიტეტი, მათ შორის საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვება. ამაში რამდენიმე უწყება იყო ჩართული. ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული იყო იმით, რომ მან განსაზღვრა ძირითადი კვებითი საჭიროებები და მენიუ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ამ ყველაფრის მართვასა და ლოჯისტიკას, ხოლო სურსათის უვნებლობის სამსახური ხარისხის მონიტორინგს. მართლაც იყო შემთხვევები, როდესაც სურსათის უვნებლობის სამსახურმა დეტექცია მოახდინა. ეს ეხებოდა არა მარტო საბავშვო ბაღებს, არამედ მთლიანად გაყიდვის ქსელში არსებულ იმ რამდენიმე პუნქტს, რომელზეც მყისიერი რეაგირება მოხდა. ბავშვთა კვების რაიმე სახით დარღვევა ცალსახად მიუღებელია. ის სანქციები, რაც ასეთი დარღვევებისკენ არის მიმართული, შეიძლება, გამკაცრებას მართლა საჭიროებდეს, თუმცა მონიტორინგი ცალსახად მკაცრია და ბავშვთა კვება ყველაზე მაღალი პრიორიტეტი უნდა იყოს,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებდა, რომ ამ მხრივ კანონპროექტი გასამკაცრებელია.
“ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, საბავშვო ბაღების კვების რაციონში, 2018 წელსაც დაფიქსირდა ცხენის ხორცი, რაც სამტრედაში არსებულ ბაგა ბაღებში გამოვლინდა.
“ცხენის ხორცის გამოყენება საბავშვო ბაღებში 2018 წელსაც დაფიქსირდა. საუბარია სამტრედიის ბაგა ბაღებზე. მიმაჩნია, რომ ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, უპასუხისმგებლო და უნამუსო ქმედება, რომელიც განხორციელდა ბიზნეს ოპერატორის მხრიდან. ამაზე პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ! ბავშვების კვებაზე გაკეთებული ეკონომია სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს,“ – განაცხადა თეონა ჭალიძემ.
https://www.facebook.com/powerisinunity/videos/425535354884373/
სამტრედიის ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების ფაქტთან დაკავშირებით, სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი, ხათუნა გაგუა ცხენის ხორცით მომარაგების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, იმერეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ საეჭვოდ მიიჩნია ბაღებში ბავშვთა კვების რაციონისთვის შეტანილი ხორცის წარმომავლობა, შეამოწმა და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ ხორცი ცხენის იყო და არა საქონლის.
“საბედნიეროდ, არცერთი ბავშვის მოწამვლა ან სხვა რაიმე გართულება არ დაფიქსირებულა. ხორცის მომწოდებელ შპს “ელენიკოსთან“ დაუყოვნებლივ შევწყვიტეთ კონტრაქტი. როგორც ჩემთვის ცნობილია, კომპანია 20 ათასი ლარით დაჯარიმდა,“ – განაცხადა სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ.
“ბაგა ბაღები და სკოლები ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის, სწორედ ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო, კვებასთან დაკავშირებით, მუდივ კონტროლს ახორციელებს,” – განუცხადეს “ფორტუნას” სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
„კონტროლი ხორციელდება საკმაოდ აქტიურად, არსებობს გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება, ხდება დოკუმენტების შემოწმება, ნიმუშების აღება და კვლევა.
შემოწმების მასშტაბები წინა წლებთან შედარებით, უპრეცენდენტოდაა გაზრდილი. დაახლოებით 4000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი არის განხორციელებული საბავშვო ბაღებში მაშინ, როდესაც თუ შევადარებთ წინა წლებს, საკმაოდ მცირე რაოდენობის იყო,“ – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
სეს-ში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ მომწოდებელთან დაკავშირებით, ტარდება ტენდერი, რომელსაც ბაღების გაერთიანება ატარებს. მაგ. თბილისის ბაღების გაერთიანება აცხადებს ტენდერს და ამ ტენდერის ფარგლებში ხდება მომხმარებლების გამოვლენა.
„ხორცის უვნებლობაზე და ზოგადად, რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის საბავშვო ბაღი უვნებლობის სტანდარტებს, ცხადია, კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს,“ – აცხადებენ სეს-ში.
თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, „ფორტუნასთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ცხენის ხორცის აღმოჩენა თბილისის ბაგა ბაღებში არ დაფიქსირებულა.
„ჩვენს მმართველობაში არის 180 ბაღი და მსგავსი პეცენდენტი არც ყოფილა და არც მოხდება. აქ არის 4 უწყება ჩართული: სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია, შიდა აუდიტის სამსახური და ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება,” – აცხადებს თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.
კახაბერ გვანცელაძე იმ საბუთებზეც საუბრობს, რომელიც ბაგა ბაღებში შესულ ხორცს უნდა გააჩნდეს.
„ხორცს ლაბორატორიული ოქმი უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, ასევე ვეტერინარული დოკუმენტი. სხვადასხვა პროდუქტებზე, სხვადასხვა მოთხოვნები არსებობს,“ – განაცხადა გვანცელაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.
“ბაგა ბაღებში შესული პროდუქტის ხარისხს, ადმინისტრაციული ბაღების ადმინისტრაციები თავად ამოწმებენ. ბაღებში ხორცის შეტანა ტენდერში გამარჯვებული კომპანია„ნილის“ მიერ ხდება. სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ბაღებში კვებით მომსახურებას.
პროდუქტზე მიმდინარეობს პერიოდული შემოწმება, გააჩნია პროდუქტს, ლაბორატორიული ოქმების წარმოდგენა ხორცთან დაკავშირებით, ყოველთვიურად ხდება, ვეტერინარული დოკუმენტის წარმოდგენა კი, ხორცის მოტანის პერიოდში,“ – აცხადებს ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.
კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ყველა უწყების მიერ მაქსიმალური კონტროლი გრძელდება.
ცხენის ხორცით, ბაგა ბაღების მომარაგების ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია „ფორტუნასთან“ საუბრობს.
ოთარ დანელიას განმარტებით, ბაგა ბაღებში კვებითი მომსახურების მაქსიმალური კონტროლი მიმდინარეობს.
მისი თქმით, ცხენის ხორცის აღმოჩენის შემთხვევაში, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ, ჯარიმის გამოწერა ხდება, მაგრამ საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხი, კიდევ უფრო გამკაცრდება.
„კომპანიას, რომელიც ბაღებში და სკოლებში, კვებით მომარაგებას დარღვევებით განახორციელებს, პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს,“ – აცხადებს ოთარ დანელია “ფორტუნასთან” საუბარში.
“ფორტუნა” გთავაზობთ, საზოგადოების ნაწილის გამოხმაურებას, რომელიც „გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს“ ოფიციალურ “ფეისბუქ გვერდზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა.
“ეხლა იტყვიან ტყუილიაო. სანამ ბავშვები ჭიხვინს არ დაიწყებენ, მანამდე ვიცადოთ?”
“ვირის ხორცი საჭმელად არ გამოიყენება, მაგრამ რაც შეეხება ცხენის ხორცს, ნამდვილად დიდად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ძროხის ხორცი და მაგალითად, იტალიაში დელიკატესად ითვლება. ასე რომ, ცხენის ხორცი მარგებელია და არა მავნებელი.”
“თანადაფინანსება მოხდეს მშობლების მხრიდან… არ არის სახელმწიფო ვალდებული უფასოდ კვებოს ათასობით ბავშვი. გადასახადისგან უმწეოები და მრავალშვილიანები გათავისუფლდეს, ვისაც არ უჭირს, გადაიხადოს საკვების თანხა. სწორედ ესენი მიარბენინებენ სახელმწიფოებში. კერძო ბაღებში გაჭირვებულთა ბავშვები უფრო დადიან, მშობლებს ლუკმა-პურისთვის უწევთ ბრძოლა და მათ შვილებისთვის ერთი დღეც არ ცალიათ. უჭირთ გადახდა, მაგრამ მათ არავინ ეხმარება. სახელმწიფო ეხმარება ბავშვების აღზრდაში მათ, ვისაც არ უნდა ეხმარებოდეს. მათი სიტყვებია: სადაც უფასოა იქ შევიყვან, ფულს რატომ გადავიხდიო…. ეს დასაფიქრებელია… კარგ კვებას თანხა ჭირდება. სახელმწიფო ვერ ქაჩავს ამდენი ბავშვის კვებას… კეთილი ინებონ და კვების თანხა ნაწილობრივ გადაიხადონ. უმწეოები და მრავალშვილიანები გათავისუფლდეს. ასე იყო ყოველთვის.”
“კონტროლი უნდა გამკაცრდეს ე.წ. ბოინებში. ცხენის და ვირის ხორცი არ უნდა ხვდებოდეს ბრუნვაში. ნება არ არის, იმიტომ რომ ყველა ხელს ითბობს კორუფციის ხარჯზე. წვრილი ბიზნესია ფულს იხდიან და ყველა ჩუმადაა. ცოცხლად ჩამოყავთ საქონელი თბილისში და კლავენ.”
“საინტერესოა თავიანთ შვილებს თუ აჭმევენ ვირისა და ცხენის ხორცს. ხალხი ვის რაში ანაღვლებს, მაგრამ ღმერთის იმედი მაქვს”
“თქვენ წარმოიდგინეთ თუ ბავშვებს ვირის ხორცს აჭმევენ, როგორ შეიძლება ენდო ნახევარფაბრიკატებს ან თუგინდ ბაზრებს და სუპერმარკეტებს, გასაგებია, რომ ცხენი ყველაზე სუფთა ცხოველია, გამყიდველმა უნდა მიუთითოს რის ხორცს ყიდის, მერე ვინ რას იყიდის მათი ნებაა, ისე ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ ავკრძალავდი ხორცის გაყიდვას, უფრო ჯანმრთელები ვიქნებოდით.”
” ბავშვებთან მაინც იყვნენ პატიოსნად, რა საზიზღრობაა ეგ საქციელი”.