LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა გიორგი გახარიას პოზიციას, ვერ მოვისმინეთ: კობახიძე

82
BeFunky-collage (23)

“სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა გიორგი გახარიას პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ,” – ასე აფასებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ნიკა მელიას საქმეზე, გიორგი გახარიას პოზიციას. მისივე განცხადებით, ქვეყანა, სადაც კანონის აღსრულება არ არის უზრუნველყოფილი, როგორც სახელმწიფო ვერ შედგება.

გიორგი გახარია გადადგა

პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის ყურადღება ახლა მთლიანად ახალი მთავრობის ფორმირებაზე იქნება კონცენტრირებული, რომელიც უმოკლეს ვადებში დაიწყება და დასრულდება.

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას მოუწოდებს, დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნიკა მელიას დასაკავებლად მივიდნენ. სამართალდამცავებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ და ტერიტორია დატოვეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

თავად გიორგი გახარია გადადგომის მიზეზად, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, გუნდში არსებულ შეუთანხმებლობას ასახელებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკური ესკალაციის საფრთხეს ზრდის.