პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ თუ ზუსტად დაითვლიან, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჩამოსვლას, დაახლოებით, მეთექვსმეტედ აანონსებს.
ვოლსკის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დღეს სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში სუფევს:
“ცოტა რთულია იმ ქონების და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც თვითონ ამბობს: “ხელი გაანძირეთ და ჩამოვალო” – ეს არის მთავარი ფორმულა, რომელსაც სთავაზობს. მე არ მინდა სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი უნდა ვთქვა, სამწუხაროა, რომ დღეს სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში.” – თქვა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსულ ტელეკომპანია “დოჟდისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ დანაპირებს ყოველთვის ასრულებს და საქართველოშიც აუცილებლად დაბრუნდება.
მისივე თქმით, ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, თუმცა არ სურდა ოპოზიციური ერთიანობის დარღვევა, რადგან საქართველოში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მისი პოპულარობა არ მოსწონდა.