“დაიხვეწა და ჩამოყალიბდა აგროდაზღვევის გარკვეული კულტურა”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ფერმერები უკვე წარმატებულად იყენებენ აგროდაზღვევის სერვისს.
“აგროდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ნებისმიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნებისმიერ ქვეყანაში და ამის უნივერსალური წარმატებული მაგალითი დედამიწაზე არ არსებობს. თუმცა წლიდან წლამდე საქართველოში აგროდაზღვევის კომპონენტი იხვეწება. ეს არის პროექტი, რომელიც 2014 წელს დავიწყეთ და ყოველთვის ატარებდა პროექტის სახეს. იყო პილოტური, თუმცა ბევრი ელემენტი შევცვალეთ, დაიხვეწა და ჩამოყალიბდა აგროდაზღვევის გარკვეული კულტურა, როგორც სადაზღვევო კომპანიებში, ისე ფერმერებში. ფერმერებს დღეს წარმატებული გამოცდილება აქვთ სადაზღვევო სერვისით სარგებლობის, თუმცა არის კიდევ გამოწვევები ამ სექტორში და განვითარებას საჭიროებს”, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.
როგორ დაეხმარება ფერმერებს სახელმწიფო: საჭიროა აგრობარათი და რეგისტრაცია
სოფლის მეურენობის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აგრდაზღვევა სამწლიანი იქნება, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს, რომ მიღებული მოსავლის რეალიზების შედეგად თანხები მომდევნო წლის რისკების დაზღვევისთვის მიმართონ.
“ეს არის დიდი მოქნილობა ჩვენი ფერმერებისთვის. მოვუწოდებ მათ ისარგებლონ დაზღვევის პროგრამით, რათა თუნდაც სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის რისკები დაზღვეული ჰქონდეთ. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი თანადაფინანსება. მცირე მეურნეობისთვის დაახლოებით 70-პროცენტიანი თანადაფინანსება იქნება. ეს ერთ-ერთ კარგ პროექტად მიიჩნევა, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება”, – განაცხადა დავითაშვილმა.