ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია. აღნიშნულ ტერიტორიაზე 22 იანვარს, დედაქალაქის მერიის განკარგულებით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც გულისხმობდა დაზიანებული ფილების ჩანაცვლებას, ასევე ჰიდროსაიზოლაციო ფენისა და საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგებას.
“ფორტუნამ ” საკითხი თბილისის მერიაში გაარკვია, სადაც კონკრეტულად ახსნეს პროექტის მიმდინარეობა და მნიშვნელობა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ფილების დემონტაჟი, მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოხსნა და ხდება სამშენებლო ნარჩენების გატანა.
პარლამენტის წინ მდებარე ისტორიული ფილები შენარჩუნდება
“ცნობილია, რომ პარლამენტის შენობის წინ მოედანზე ატმოსფერული ნალექების მოსვლის დროს ხდება წყლის ჩაჟონვა, რაც საფრთხეს უქმნის და აზიანებს მიწისქვეშ განთავსებულ სატუმბ სადგურს. პროექტის ფარგლებში მოხდება მოედანზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოეწყობა ჰიდროსაიზოლაციო ფენა, მოწესრიგდება საკომუნიკაციო ჭები და ჩატარდება მთელ პერიმეტრზე ფილებით მოპირკეთების სამუშაოები. ამ ეტაპზე დასრულებულია ფილების დემონტაჟი, მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოხსნა და სამშენებლო ნარჩენების გატანა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. სამუშაოები არ შეჩერებულა არცერთი დღით”, – აცხადებენ მერიაში.
რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების დასრულების დროს, ინფრასტრუქტურის სამსახურში ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ვადა დამოკიდებულია “სხვადასხვა ფაქტორზე”.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე სამუშაოებს აწარმოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „გრინსერვის +“. მერიის შესაბამისი სამსახურის ცნობით, პროექტის მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 500 ათას ლარს შეადგენს.