თბილისის არჩეული მერი, კახა კალაძე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს, რომელიც მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე შეფასებებს ჩამოაყალიბებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კალაძისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
“მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე უკვე დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობს. ჯგუფს, რომელსაც ჩვენ შევხვდით, წარმოდგენილი აქვს დოკუმენტი. ჩვენ ვთხოვეთ, რომ შევქმნით რამდენიმე კაციან ჯგუფს, რომელშიც სპეციალისტები იქნებიან წარმოდგენილი, გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს და გვექნება ჩვენი შეფასებები. ერთი რამ არის ცხადი, გვაქვს მოსაზრება, რომ ცენტრალურ რაიონებში K2 კოეფიციენტის გაყიდვა არ უნდა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება რაც შეიძლება მალე და ეს დოკუმენტი ყველანაირად გამართული უნდა იყოს. ეს იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რაზეც მოხდება შემდგომი განვითარება. ქალაქის ქაოტური განაშენიანების პრობლემას, რომელიც მართლაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კალაძის გუნდი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს შენიშვნებს და მოსაზრებებს მიაწვდის. “საუბარი შეეხო ტრანსპორტის თემასაც. მათი მხრიდან არის მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება არის მნიშვნელოვანი. ვრცლად უკვე მაშინ ვისაუბრებ, როცა დოკუმენტის სრული ანალიზი მექნება”, – აღნიშნა თბილისის არჩეულმა მერმა.