დღეს, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
თამთა თოდაძემ, რომელიც ყოფილ დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჯიშკარიანს სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წაუშლის, თუმცა სამართალმა უნდა იზეიმოს.
თოდაძის განცხადებით, ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით საქმეში უამრავი მტკიცებულება დევს:
“დღეს ილია ჯიშკარიანის მიერ შეთხზული, სრულიად აბსურდული რეალობა მოვისმინე. მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება სასამართლოში მიცემული ჩვენებისგან განსხვავდება, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.
რაც შეეხება ჩემი დაკითხვის პროცესის დახურვას, ჩემი დაკითხვა დავხურე არსებული ემოციური ფონის გამო, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გადავიტანე იმ პერიოდში, ყველაფრის ხელახლა გახსენება და ის ფაქტი, რომ ჯიშკარიანი იქნებოდა დარბაზში, ჩემთვის არ იყო მარტივი. თუმცა, ამ პროცესის აუდიომასალა არსებობს, მოსამართლე იქ იყო და ისმენდა ყველაფერს.
მარიამ კუბლაშვილისგან მოვისმინე განცხადება, თითქოს რაღაცებში ავიხლართე და პროცესი იმიტომ დავხურე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მზად ვარ, ჩემი დაკითხვის აუდიომასალა გასაჯაროვდეს, მე არაფერი მაქვს დასამალი, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა ჩემზე იძალადა, მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა, ცალკე სიმართლეა, რომელსაც აუცილებლად დავამტკიცებ.
საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, მათ შორის, ჩემს კაბაზე არსებული მისი ბიოლოგიური მასალები, სამხარაულის ექსპერტიზა ფიზიკურ ძალადობაზე. ის ფაქტი, რომ მე მას ვურტყამდი, სრული აბსურდია, ადამიანი მაბრალებს, რომ ალკოჰოლიზმის სინდრომი მქონდა, აქეთ დავესხი თავს და ვიძალადე მასზე. თუ ილია ჯიშკარიანი არ იქნებოდა, აუცილებლად ვნახავდი მის გარეშეც სამსახურს.
გავდიოდი ფსიქოლოგთან რეაბილიტაციას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა. ამ ადამიანმა ძალიან დიდი ტრავმა მომაყენა. მას სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს. ჩემი მოლოდინია, რომ დადგება სამართლიანი განაჩენი და რასაც ეს მუხლი ითვალისწინებს, გათვალისწინებული იქნება ამ ადამიანის მიმართ”, – თქვა თამთა თოდაძემ.
როგორც პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, ილია ჯიშკარიანს, რომელიც სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, სასამართლოში მიცემული ჩვენებისას უზუსტობები ჰქონდა და გარკვეულ გარემოებებთან მიმართებით დაზარალებულის ჩვენება გამყარდა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის ჩვენება შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად – როგორიც არის დაზარალებულის ჩვენება, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნა და მომდევნო პროცესზე, აღნიშნული მტკიცებულებების დეტალური ანალიზი ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში იქნება.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი თანაშემწის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, პროკურატურამ ბრალი იმავე წლის 8 ოქტომბერს წარუდგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ფოტოკოლაჟში გამოყენებულია IPN-ის ფოტო