საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, E60 ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერში მონაწილე კომპანიების წინადადებების მიღება დაასრულა.
დეპარტამენტში სატენდერო წინადადება სულ თოთხმეტმა კომპანიამ შეიტანა. მიღებული სატენდერო წინადადებების ტექნიკური შეფასება უკვე დაწყებულია და როგორც განმარტავენ, მხოლოდ იმ კომპანიების ფინანსური წინადადებები გაიხსნება, რომლებიც ტენდერით მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია–გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გაივლის.
სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. პირველ, მეორე და მეოთხე მონაკვეთებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელების ვადები 2017-2019 წლებია.
სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.