საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.
ამ დროისათვის, გზის საფუძვლის, წყალგამტარი მილების, მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობისა და ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.
აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.