LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო მასალები კონტროლს დაექვემდებარება – გაძვირდება თუ არა ბინები

2019 წლის პირველი იანვრიდან ქართულ ბაზარზე არსებული სამშენებლო მასალების ნაწილი კონტროლს დაექვემდებარება. თუმცა ამ დრომდე არაა დაზუსტებული, რომელი პროდუქცია მოხვდება შემოწმების ქვეშ. სპეციალისტები განმარტავენ, რომ სამშენებლო მასალების სავარაუდო ჩამონათვალშია არმატურა, ცემენტი, კაბელები და წყლის პლასტმასის მილები. ასევე, იგეგმება კონტროლის განხორციელება სათამაშოებსა და პერსონალური დაცვის საშუალებებზე (ეკიპირება, სპეციალური ხელთათმანები და ა.შ.). რაც შეეხება საღებავებსა და ლაქებს, მათი შემოწმების დაწყების ვადები ჯერჯერობით უცნობია.

კონტროლის წესები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონშია გაწერილი, რომელიც მიმდინარე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდა. კანონის თანახმად, კონტროლის აღმასრულებელი ორგანოა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილე, რატი ობოლაძე „ფორტუნასთან“ განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ამ დრომდე დადგენილი არ არის იმ ძირითად სამშენებლო მასალათა ნუსხა, რომელიც, სავარაუდოდ, კონტროლს დაექვემდებარება. ობოლაძე ამბობს, რომ ზუსტი სია მთავრობის დადგენილების შემდეგ გახდება ცნობილი. რატი ობოლაძე აღიშნული რეგულაციის შემოღებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოთხოვნით ხსნის.

„ეს გამოწვევა ბაზარზე ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით იყო საჭირო. ამ გამოწვევას ბევრი არგუმენტი არ სჭირდება. ყველა სფეროში მოტივი არის ერთი და იგივე – იყოს ერთიანი თამაშის წესები ყველა მიმწოდებლისთვის და ამ ერთიანობას უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ იმის პრევენცია, რომ ეკონომიკური ოპერატორი, იგივე მეწარმე როცა ათავსებს პროდუქტს ბაზარზე, მას ჰქონდეს შესაბამისობის დოკუმენტაცია, ხარისხის დეკლარაცია, სერტიფიკატები და ა.შ.“ – განმარტავს რატი ობოლაძე.

ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ იმასაც, რომ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროდუქტის რაოდენობისა და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის კორელაცია არ არსებობს. ანუ, უწყების წარმომადგენელთა თქმით, რეგულაციას ნეგატიური გავლენა არ ექნება. ეკონომისტებში აღნიშნული მოსაზრება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მაგალითად, პაატა შეშელიძე ამბობს, რომ რეგულაციები აქამდე უნდა ამოქმედებულიყო, მაშინ, როცა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტანდარტები მისაღები და ზოგ შემთხვევაში სავალდებულოც გახდა.

„ეს ყველაფერი აქამდეც უნდა ყოფილიყო დაცული. თუ არ იყო, ეს უკვე სხვა საქმეა, თორემ მსგავსი ტიპის აღიარება ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, ცალმხრივად, საქართველოს მიერ. ახლა თუ კონკრეტულ და განსხვავებულ რეგულაციებზეა საუბარი, ეს ნიუანსია, ტექნიკური დეტალია,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ შეშელიძე.   

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი პაპავა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა აზრს, რომ აღნიშნულ რეგულაციებს ნეგატიური გავლენა არ ექნებათ, არ ემხრობა და საკუთარ ხედვას გვიზიარებს. პაპავას თქმით, რეგულაციებთან ერთად მოსალოდნელია ორი რამ – შეიძლება, ისეთი სტანდარტი იქნას შემოღებული, რომელსაც ადგილობრივი კომპანიები უკვე აკმაყოფილებენ. შესაბამისად, ეს ახალი რეგულაცია მათ არ დააზარალებს, უბრალოდ იმპორტულ საქონელს გააძვირებს. თუმცა შესაძლოა, მოვლენები სხვა სცენარითაც განვითარდეს.

მაგალითად, თუ მე ვაშენებდი იაფი არმატურით, ვახერხებდი, რომ იაფი პროდუქტი მეწარმოებინა. სახლს, რომელსაც ავაშენებდი, შემეძლო, რომ უფრო იაფად გამეყიდა. თუ მე დამიდგენენ, რომ მაღალი სტანდარტის სამშენებლო მასალებით უნდა ვაშენო სახლები, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გაძვირდება ბინები. უნდა განვიხილოთ მეორე ვარიანტიც – თუ ამ ახალ სტანდარტს არც ქართული კომპანიები აკმაყოფილებენ და არც უცხოური, მაშინ, ბუნებრივია, ორივე მათგანი დაზარალდება იმ კუთხით, რომ იძულებული იქნებიან, საკუთარი პროდუქციის რაღაც ნაწილს, რომლის გაყიდვასაც ახერხებდნენ, ვეღარ გაყიდიან და მოუწევთ ფასის აწევა, უფრო მაღალი პროდუქციის შემოტანა, ეს ფინანსურად მათზეც აისახება და იმ პირებზეც, რომლებიც ამ მასალას იყენებენ,“ – განმარტავს გიორგი პაპავა.

კიდევ ერთი ეკონომისტი, სოსო არჩვაძე ახალ რეგულაციებს „ცივილიზებული ფორმით ცხოვრების“ სწავლას უკავშირებს და ამბობს, რომ გავლენა ნებისმიერ ახალ რეგულაციას და ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს შორის ყოველთვის სავარაუდოა.

არჩვაძის თქმით, უნდა მოხდეს წარმოების პროცესისა და შესაბამისი მენტალიტეტის ჰუმანიზაცია, რადგან ქვეყნის მშპ-ს სწორედ ადამიანის ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა განსაზღვრავს.

ჯანმრთელობას აქვს დიდი ეკონომიკური კატეგორია იმიტომ, რომ რაც უფრო მეტხანს ცოცხლობს ადამიანი, იმ ქვეყანაში გაცილებით მაღალია მთლიანი შიდა პროდუქტი. რომ შევადაროთ ნორვეგია და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ნორვეგიაში 82 წელია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, აფრიკაში – 43, ანუ თითქმის ორჯერ ნაკლები. ეს კი აისახება ეკონომიკურ განვითარებაში. იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ წარმოების უმნიშვნელოვანეს და ყველაზე მთავარ ფაქტორზე – ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და შრომისუნარიანობაზე. ნებისმიერმა ბიზნესმა, ეს იქნება ადგილობრივი თუ შემოსული, უნდა გააცნობიეროს, რომ ეკონომიკური კატეგორიები, მათ შორის მოგება, არ განისაზღვრება მხოლოდ წმინდა კორპორაციული ფარგლებით, ეს გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს იმ ადამიანთა ჯანმრთელობასაც, ვინც, პირველ რიგში, ამ საწარმოებში მუშაობს. რასაკვირველია, ქვეყანაში არ უნდა იქნას დაშვებული საეჭვო წარმომავლობის პროდუქცია, რომელმაც საშუალოვადიან პერიოდში შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, ერთი მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობას, მეორე მხრივ, ეკონომიკას,“ – ამბობს სოსო არჩვაძე.

კანონის თანახმად, საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება:

რისკის ანალიზის საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით;

თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს;

თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს;

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური შემოწმებით ან/და ტექნიკური შემოწმებით. გარდა ამისა, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში.

ამასთან, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია, დამოუკიდებლად განახორციელოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის ფარული შესყიდვა.

თუ სააგენტოს აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული კონკრეტული პროდუქტი არ შეესაბამება სტანდარტებს ან შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, იგი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ოპერატორს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა ან განადგურება ეკონომიკური ოპერატორის ხარჯზე; ხოლო თუ გამოვლინდა დოკუმენტური ან ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, სააგენტო უფლებამოსილია, ეკონომიკურ ოპერატორს ამ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა არა უმეტეს 30 დღისა.

თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს და შეიცავს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ.

რაც შეეხება სანქციებს, ის, დარღვევების ხარისხის მიხედვით, გამოიწვევს ოპერატორის დაჯარიმებას 1000-დან 7 ათას ლარამდე თანხით.

თათია კაკიაშვილი