სამშენებლო კომპანიებს უკვე დასრულებული ობიექტების დაზღვევის ვალდებულება ექნებათ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ამ ეტაპზე მუშავდება.
“იმ შემთხვევაში, თუ შენობაში რაიმე კონსტრუქციული ხარვეზი, ან უფრო დიდი პრობლემა აღმოჩნდა, რამაც შენობა ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახადა, აღნიშნული დაზღვევის შემდეგ, ნაკლის გამოსწორება უნდა მოხდეს“,- განმარტა ქავთარაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, სადაზღვევო კომპანიებთან ამ საკითხზე შეხვედრები უკვე გაიმართა. სადაზღვევო პოლისი სამშენებლო კომპანიებს ექნებათ შესაძენი და ეს მიმართულება დარეგულირდება, როგორც ჩვეულებრივი დაზღვევა.
ცნობისთვის, ახალი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.