LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსახურში გახარიას გუნდის აგიტაციას ეწეოდნენ, ორივე თანამდებობიდან გავათავისუფლე: გორის მერმა მოადგილეები მოხსნა

71
კონსტანტიტე თავზარაშვილი - გორის მერი

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მან მერიის ორი თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორ თავზარაშვილმა აღნიშნა, ერასტი ელიჯარაშვილსა და პაატა ივანიშვილს თანამდებობები საკუთარი განცხადებების საფუძველზე კი არ დაუტოვებიათ, არამედ ორივე მათგანი მერმა შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მოხსნა.

„მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება თავად მივიღე, თანამდებობებიდან ჩემი ბრძანებით გათავისუფლდნენ. დღეს გათავისუფლებული ადამიანები, ბოლო პერიოდში გარკვეული პირების აგიტაციას ეწეოდნენ და მოუწოდებდნენ თანამშრომლებს, რომ მათ მხარეზე გადასულიყვნენ. იმის მაგივრად რომ ქვეყანაში ამდენი გამოწვევა გვაქვს და მათ თავიანთი საქმე ეკეთებინათ, ისინი ამ საქმით იყვნენ დაკავებული.

ვიცით, რომ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს და ვერ დავუშვებდით, რომ ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით, მაღალ თანამდებობებზე იყვნენ, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება მათ განცხადებას სიის შესახებ, რომლითაც თითქოს,  მერიის გარკვეული თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმება, არავითარი სიები არ არსებობს“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ელიჯარაშვილი და ივანიშვილი სამსახურში გიორგი გახარიას და მისი გუნდის აგიტაციას ეწეოდნენ.

 

ცნობისთვის, დღეს დილით, გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს.

მათი თქმით, გადაწყეტილების მიზეზი გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის მხრიდან მომდინარე ზეწოლა გახდა, რადგან ელიჯარაშვილი და ივანიშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან.

ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ „თანამდებობებს არ არიან გამოკერებულები“ და მიდიან იმისთვის, რომ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებში იბრძოლონ.

ისინი გორის მერს მოუწოდებენ, თანამდებობებიდან არ გაათავისუფლოს ის თანამშრომლები, რომელიც ასევე მოაზრებიან გახარიას გუნდის წევრებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები