სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია” საელჩოს თანამშრომლებს 23 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისში, უკრაინის საელჩოსთან დაგეგმილ მხარდამჭერ აქციაზე იწვევს.
„მიმდინარე მოვლენებმა და რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ სამხედრო და ჰიბრიდული აგრესიის რისკის ზრდამ ღრმად შეაშფოთა ქართველი ხალხი.
ჩვენთვის წარმოუდგენლად რთულია იმის ყურება, თუ როგორ მიმდინარეობს 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. საქართველო იზიარებს ამ ტრაგიკულ რეალობას. რუსი სამხედრო ძალები კვლავ განლაგებულები არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცება, დაკავება და მკვლელობა კვლავ გრძელდება. ამასთან, ჩვენ ვერ ვხედავთ ოფიციალური თბილისისგან უკრაინელი ხალხისადმი გამოხატულ ხელშესახებ მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით გულდასაწყვეტია.
მაშინ, როდესაც დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად ერთ მუშტად შეიკრა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ გვერდით დაგიდგეთ ამ რთულ დროს, როგორც უკრაინის პრეზიდენტი იდგა ქართველი ხალხის გვერდით 2008 წელს.
ძალიან ვაფასებთ უკრაინის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ვადასტურებთ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი და განუზომელია”, – აღნიშნულია წერილში.