სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიები შეისწავლა. ორგანიზაციამ 25 მუნიციპალიტეტისგან საარჩევნო სიებში 1930 წლამდე დაბადებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
როგორც სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა, 25 მუნიციპალიტეტში, 1930 წლამდე დაბადებული 1 311 მოქალაქე 12 აპრილის მდგომარეობით გარდაცვლილია, მათი 52% – 683 მოქალაქე კვლავ ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული.
„საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია, რადგან ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტისგან, 1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი პირების შესახებ. საქართველოში კი სულ 73 მუნიციპალიტეტია.
წარმოიდგინეთ, რა მასშტაბს მიაღწევს გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა ამომრჩეველთა სიაში თუ გადამოწმდება 73-ვე მუნიციპალიტეტში ინფორმაცია იმ გარდაცვლილი პირების შესახებ, რომლებიც 1930 წლის შემდეგ დაიბადნენ“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ტიპის ინფორმაციას მუნიციპალიტეტები იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს მუდმივად აწვდიან, ხოლო იუსტიციის სამინისტრო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის. მიუხედავად ამისა კი, პრობლემა წლებია მოუგვარებელია.
„ვფიქრობთ, ასეთი საგანგაშო მაჩვენებელი მიუთითებს არჩევნების პოტენციური გაყალბების მასშტაბზე, მოვუწოდებთ საარჩევნო კომისიას, დროულად იმოქმედოს საარჩევნო სიების შესასწორებლად და არჩევნებში ჩართულ ყველა აქტორს, დაინტერესდნენ ამ საკითხით“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არჩევნებზე დასაკვირვებლად ახალი ინიციატივა -“სამოქალაქო საარჩევნო კომისია” შეიქმნა