ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით საქართველოს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი დოქტორ ბენარდ ალიუ და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო–ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს დირექტორი ლუის ფონსეკა დი ალმეიდა ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში ICAO-ს პირველმა პირებმა შეხვედრა გამართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პოლიტიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, სსიპ სამოქალაქო ავიაციის დირექტორი გურამ ჯალაღონია, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ICAO-ში კონსტანტინე ქავთარაძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა საქართველოსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დოქტორ ბენარდ ალიუმ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეულ პროგრესს და წარმატებას.
,,მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და მადლობა ვუთხრა ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარებისთვის, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში,-‘’განაცხადა დოქტორ ბენარდ ალიუმ.
ჩერქეზიშვილმა კი აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიღწევები საკმაოდ შთამბეჭდავია.
,,სამოქალაქო ავიაციის სექტორში მაჩვენებლები ძალიან გაგვიუმჯობესდა. სტანდარტები და მოთხოვნები, რომლებსაც ICAO აყენებს, საკმაოდ მაღალია. დადებითად იქნა შეფასებული ის შრომა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად გაწია. შეხვედრაზე სწორედ ამ წარმატებასა და პროგრესზე იყო საუბარი”,- განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტს პირველად მასპინძლობს. ICAO-ს საბჭო არის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 36 სახელმწიფოსაგან შემდგარი მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმართავს.